სუს-ის სისტემაში 2020 წელს სასწავლო ცენტრი შეიქმნა
სუს-ის სისტემაში 2020 წელს სასწავლო ცენტრი შეიქმნა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშში საუბარია უწყებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით სასწავლო ცენტრის შექმნასა და მის დაკომპლექტებაზე.

„ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ახალი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მოეწყო სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობებისთვის. საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ცენტრის სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით, გაიმართა შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებების სასწავლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. შემუშავდა სასწავლო ცენტრის სპეციალური პროგრამები, სასწავლო მასალები და მომზადდა განგრძობადი პროფესიული მომზადების კატალოგი 2021-2022 წლებისთვის. შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია უსაფრთხოების თემატიკაზე გამოცემული სხვადასხვა უცხოური და ქართული ლიტერატურა.

ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება და ინსტრუქტორთა შერჩევა, როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების წრეებიდან, ასევე სამსახურის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პროფესიული რესურსების გამოყენების გზით. წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავდა სამსახურში მისაღებ კანდიდატთა სასწავლო და მოქმედ მოსამსახურეთა სპეცმომზადების პროგრამები. სამსახურში მისაღებ კანდიდატთა სასწავლო პროგრამის გავლა სავალდებულოა სამსახურში მისაღები ყველა კანდიდატისთვის. აღნიშნული პროგრამა, ერთი მხრივ, შესაძლებელს ხდის კანდიდატების პროფესიული უნარებისა და პიროვნული თვისებების შეფასებას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სპეციალური დისციპლინების მიმართულებით მათ მომზადებას და სამსახურთან ადაპტირებას. ამასთან, ყველა დამწყები მოსამსახურისთვის სავალდებულოა მოქმედი მოსამსახურეების სპეცმომზადების პროგრამის გავლა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამწყები მოსამსახურეები სპეციალური დისციპლინების მეშვეობით ეუფლებიან საკვანძო კომპეტენციების ფართო სპექტრს და იძენენ უსაფრთხოების ოფიცრისთვის აუცილებელ იმ საბაზო პროფესიულ ცოდნასა და უნარებს, რომელთა შეძენაც მხოლოდ სამსახურის სასწავლო ცენტრშია შესაძლებელი“, – ნათქვამია სუს-ის 2020 წლის ანგარიშში.