სუს-ი - უსაფრთხოების გარემოს არსებითად აზიანებდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებები და მცდელობები, რომლებიც მიმართული იყო დესტაბილიზაციის შექმნისა და ხელისუფლების დამხობისკენ
სუს-ი - უსაფრთხოების გარემოს არსებითად აზიანებდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებები და მცდელობები, რომლებიც მიმართული იყო დესტაბილიზაციის შექმნისა და ხელისუფლების დამხობისკენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენილი 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ვითარების მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედების ორგანიზებისთვის მიმდინარეობდა ცალკეული, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სამართალდაცვის საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზება.

სუს-ის ცნობით, აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობა და საჭიროებისამებრ გამწვავება.

„ამ მხრივ, 2021 წელს, განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში მოქმედი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და მათი ლიდერები. უსაფრთხოების გარემოს არსებითად აზიანებდა აღნიშნული ძალების დესტრუქციული და ძალადობრივი მოწოდებები, ასევე მცდელობები, რომლებიც მიმართული იყო საზოგადოების პოლარიზაციისკენ, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხების, დესტაბილიზაციის შექმნისა და ხელისუფლების დამხობისკენ. საანგარიშო პერიოდში სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გამოიკვეთა, რომ ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით, იგეგმებოდა დესტრუქციული ძალების მობილიზება, საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით გადაკეტვა, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და შტურმი. აქტიურად განიხილებოდა აღნიშნულ პროცესებში ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. სამსახურის მიერ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, აღნიშნულ საქმეზე გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რის შედეგადაც, თავიდან იქნა აცილებული ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების განვითარება, რაც შესაძლოა, მათ შორის, გამოყენებული ყოფილიყო საქართველოსადმი მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ. ამასთანავე, პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახური პროაქტიულ რეჟიმში ახდენდა საზოგადოების ინფორმირებას კონკრეტული ჯგუფის რეალური გეგმებისა და მიზნების შესახებ“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.