სურსათის ეროვნული სააგენტო ზაფხულის ცხელ სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და საკვები პროდუქტების შეძენისას სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს.
სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის, ვასილ ბასილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ხორცისა და რძის პროდუქტების ვადას და შენახვის პირობებს.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციეთ არის თუ არა პროდუქტი განთავსებული სამაცივრე განყოფილებაში. ასევე წაიკითხეთ ეტიკეტი, რომელიც არის მთავარი ატრიბუტი სურსათზე, დააკვირდით სარეალიზაციო ვადასა და შენახვის ტემპერატურას“, – აცხადებს ვასილ ბასილაძე.
მისი ინფორმაციით, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც სურსათზე ეტიკეტი მკაფიოდ უნდა იყოს დატანილი. დარღვევების შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია სააგენტოს ცხელ ხაზზე – 15-01 დაუკავშირდეს.