ვასილ ბასილაძე - ყველა ბაზარი, რომელსაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფუნქციონირების ნებართვა მისცა, სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს
ვასილ ბასილაძე - ყველა ბაზარი, რომელსაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფუნქციონირების ნებართვა მისცა, სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგითა და ზედამხედველობით ყველა ძირითად აგრარულ ბაზარში ჩატარდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები და დღეის მდგომარეობით, 80 ბაზარი ფუნქციონირებს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ობიექტზე დაცულია, როგორც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ასევე „კოვიდის“ მიმართულებით არსებული რეკომენდაციები.

„თბილისის მასშტაბით 26 ბაზარი უკვე ფუნქციონირებს. ნავთლუღის ბაზარი დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი სანიმუშო ბაზარია და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს“, – განაცხადა ბასილაძემ.

მისი თქმით, რეკომენდაციებს ბაზრის ყველა ადმინისტრაცია დაემორჩილა და არც ერთ ბაზარში საჯარიმო სანქცია საჭირო არ გამხდარა.

ვასილ ბასილაძის ინფორმაციით, აგრარული ბაზრების ინსპექტირება წელიწადში ორჯერ ხდება.

„ორ ინსპექტირებას თავისი გადამოწმებაც მოჰყვება. შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლით სულ მცირე, ოთხჯერ შემოვდივართ. ყველა ბაზარი, რომელსაც ჩვენ ნებართვა მივეცით ფუნქციონირებისთვის, სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს“, – აცხადებს ვასილ ბასილაძე.