სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დარიგებული პრეპარატები სიცოცხლისთვის საშიში არ არის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ოზურგეთში შუახნის მამაკაცის გარდაცვალების გამო. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის განცხადებით, გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვლილი მამაკაცის სიკვდილის მიზეზი. ზურაბ ლიპარტიას განმარტებით, მათ მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დარიგებული შესაწამლი პრეპარატები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. გამოსაძიებელია, რა პრეპარატი იქნა გამოყენებული, ვინაიდან პრეპარატები, რომელიც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის არის შეძენილი, გადაცემული მოსახლეობისთვის და ჩვენ ვიყენებთ, ეს ჩვეულებრივი პრეპარატებია, რომელიც გამოიყენება, როგორც სათბურებში, დახურულ სივრცეებში, ასევე სახლებში და ის კონცენტრაცია, რომელიც მითითებულია ჩვენს მიერ, არ არის ლეტალური. უბრალოდ, მსუბუქი ინტოქსიკაცია შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა გამოყენებამ და როდესაც დარღვეული არის უსაფრთხოების წესები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს არ იწვევენ თუ არ მოხვდა პირის ღრუში დალევის გზით. ესეთი შემთხვევა, რომ პრეპარატის გამოყენებისას ადამიანი გარდაცვლილიყოს, არ ყოფილა“, – აცხადებს ზურაბ ლიპარტია.
სურსათის ეროვნული სააგენტო წარმომადგენელის განცხადებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ზურაბ ლიპარტია მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს და აფრთხილებს, რომ სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პრეპარატები საცხოვრებელ ბინებში არ გამოიყენონ.
„ჩვენ არასოდეს მიგვიცია რეკომენდაცია სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პრეპარატების საცხოვრებელ ბინებში გამოყენებისთვის. კატეგორიულად აკრძალული არის ასეთი პრეპარატების სახლის პირობებში გამოყენება. სახლის პირობებში გამოსაყენებლად ნებადართულია იმ პრეპარატების გამოყენება, რომელიც დარეგისტრირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. არის სპეციალური რეესტრი, სადაც შეტანილია პრეპარატები, რომელიც გამოიყენება სახლის პირობებში მწერების საწინააღმდეგოდ, მათ შორის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. მხოლოდ ამ პრეპარატების გამოყენება შეიძლება. სხვა სასოფლო დანიშნულების პრეპარატების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია“, – აცხადებ ზურაბ ლიპარტია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით, იგი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.