სუპერმასიურ შავ ხვრელთა გარშემო შესაძლოა, ათასობით უცნაური პლანეტა მოძრაობს — ახალი კვლევა
სუპერმასიური შავი ხვრელების მოვლენთა ჰორიზონტის უშუალო სიახლოვეს, გარემო საკმაოდ სასტიკია. თუმცა ცოტა უფრო მოშორებით, მის გრავიტაციულ გავლენაში შეიძლება მომწყვდეული იყოს გარკვეული ობიექტები, მაგალითად, ვარსკვლავები, რომლებიც გარს უვლიან ჩვენი გალაქტიკის სუპერმასიურ შავ ხვრელს, მშვილდოსანი A*-ს.
ახალი კვლევის მიხედვით, არა მხოლოდ ვარსკვლავები. სუპერმასიურ შავ ხვრელებს შეიძლება გარს უვლიდეს დიდი ოდენობით უცნაური პლანეტა, მართალია, ისინი შავი ხვრელის გრავიტაციული გავლენის ქვეშ არიან, მაგრამ უსაფრთხო მანძილზე, მისგან ათობით სინათლის წლის დაშორებით.
პლანეტათა ფორმაციის მოდელების გამოყენებით, იაპონიის კაგოშიმის უნივერსიტეტის ასტრონომებმა კეიჩი ვადას ხელმძღვანელობით, პირველად ისტორიაში, წარმოადგინეს ახალი ტიპის პლანეტები, რომლებიც შეიძლება, პირდაპირ შავი ხვრელის გარშემო წარმოიქმნას.
ამავე დროს, ამ პლანეტებს არ უნდა ეხებოდეს ის შეზღუდვები, რაც პლანეტებს ახალგაზრდა ვარსკვლავთა გარშემო წარმოქმნისას აქვთ.
იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის ასტრონომის, ეიჩირო კოკუბუს განცხადებით, მათმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ შავი ხვრელისგან 10 სინათლის წლის მანძილზე შეიძლება წარმოიქმნას ათასობით პლანეტა, რომელთაგან ზოგი დედამიწას მასით 10-ჯერაც აჭარბებდეს.
მისი თქმით, შავ ხვრელთა გარშემო შეიძლება გასაოცარი მასშტაბით არსებობს პლანეტური სისტემები.
ახლად დაბადებულ პლანეტათა მსგავსად, შავ ხვრელებს ხშირად გარს აკრავს მტვრისა და გაზის ვრცელი, მკვრივი დისკო. ვარსკვლავების შემთხვევაში, ეს მბრუნავი დისკო არის ვარსკვლავის წარმოქმნის დროს დარჩენილი ნარჩენები; სწორედ ამ პროტოპლანეტური დისკოსგან იბადებიან შემდეგ პლანეტები და დედავარსკვლავის გარშემო მოძრაობას იწყებენ.
დისკოს შემადგენელი მტვერი ელექტროსტატიკური ძალების შედეგად იწყებს შეწებებას, შემდეგ შეჯახებებს, შემდეგ კი თანდათან აგროვებს უფრო და უფრო მეტ ასეთ ნაწილაკებს, ხდება იმდენად მასიური, რომ გაუჩნდება გრავიტაცია და აი, რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, თქვენ წინაშეა პლანეტა.
რაც შეეხება სუპერმასიურ შავ ხვრელებს, მკვლევართა განცხადებით, მათი დისკო გაცილებით მეტ მტვერს შეიცავს, მილიარდობით უფრო ბევრს, ვიდრე პროტოპლანეტური დისკო. შავი ხვრელის დისკოს გარე მისადგომებშიც პლანეტის ფორმაციის იგივე დინამიკას აქვს ადგილი, რასაც პროტოპლანეტურ დისკოში.
შესაძლებელია ისიც, რომ შავ ხვრელთა დისკოები უფრო დიდ მანძილებზეა და უფრო ეფექტიანია პლანეტათა ფორმაციისათვის, ვიდრე პროტოპლანეტური დისკოები. ამის მიზეზი ის არის, რომ პლანეტის „თესლები“, რომლებსაც პლანეტოშენადედებს უწოდებენ, არ უნდა განიცდიდნენ პროტოპლანეტური დისკოს ფენომენს, რასაც რადიალური გადაადგილების ბარიერს უწოდებენ.
დინამიკური მოდელების მიხედვით, ეს ფენომენი ხდება მაშინ, როცა პლანეტოშენადედი იმდენ მასას აგროვებს, რომ მისი ორბიტა სტაბილური აღარ არის და იწყებს სწრაფად გადაადგილებას ვარსკვლავისკენ, რომელიც მას საბოლოოდ შთანთქავს კიდეც.
შავი ხვრელის გარშემო დისკოში რადიალური გადაადგილება უმნიშვნელო იქნება მბრუნავი დისკოს ორბიტულ სიჩქარესთან შედარებით. Ამ ორბიტული სიჩქარის ინერცია არ დაუშვებს პლანეტოშენადედის გადაადგილებას შავი ხვრელისაკენ რომელიმე მნიშვნელოვან ვადაში.
პროტოპლანეტურ დისკოშიც, პლანეტები უფრო მის ცივ რეგიონებში წარმოიქმნება, სადაც მტვრის მარცვლები ყინულითაა დაფარული. შავ ხვრელში ჩამავალი გაზის ხახუნი ძლიერ სიცხეს წარმოქმნის, მაგრამ აქტიური შავი ხვრელის დისკოს გარე რეგიონებს ამ რადიაციისგა შეიძლება თავად მტვერი იცავდეს.
იმის გამო, რომ ეს მტვერი მკვრივია, ის რადიაციას უნდა ბლოკავდეს და წარმოქმნიდეს ცივ, პლანეტის დაბადებისათვის უსაფრთხო „ჯიბეებს“.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა მიგნებები საკმაოდ გონივრულია, სამწუხაროდ, ამ დროისათვის ასეთი შავი ხვრელების აღმოჩენა (პლანეტებით) არ შეგვიძლია. გარდა ამისა, ამ კვლევამ ერთ მშვენიერ დღესაც შეიძლება სრულიად ახალი გზა გაგვიხსნას უცხო პლანეტების აღმოსაჩენად.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.