The Sun - ბრიტანეთის პოლიციამ სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობა დაადგინა
ბრიტანული გამოცემა The Sun წერს, რომ ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი ორი პირი გამოავლინა. გამოძიების მიხედვით, ორივე ადამიანმა სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლიდან მეორე დღეს დატოვა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორია.
როგორც ბრიტანული მედია წერს, პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი პირების იდენტიფიცირება დანაშაულის გამოძიებაში „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, სკოტლანდ იარდის მტკიცებით, სკრიპალზე თავდასხმასთან დაკავშირებული ორივე პირი ახლა რუსეთშია.
ჟურნალისტების განცხადებით, ბრიტანეთის პოლიციის მიზანია ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ექსპოლკოვნიკის მოწამვლის საქმეშია გარეული.
სკოტლან იარდში 4 მარტს სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის შესაძლო შემსრულებლების იდენტიფიცირების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა ლონდონმა მოსკოვს დააკისრა, რასაც კრემლში ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფენ.