სულხან ზუმბურიძემ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
სულხან ზუმბურიძემ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
როგორც ზუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს, თერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.
„თერთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ, მივიღე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.
ვფიქრობ, ჩემი ამ კომპანიაში მუშაობის პერიოდი ნაყოფიერი იყო, რადგან განვლილი თერთმეტი წლის განმავლობაში, ჩემს გუნდთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე, რითაც ძალიან ვამაყობ.
ყოველთვის მჯეროდა, რომ ენერგეტიკა ზუსტად ის დარგია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობის, დამოუკიდებლობის, სიძლიერის გარანტად შეიძლება იქცეს.
თუმცა დადგა ახალი გამოწვევების დრო. დარწმუნებული ვარ, რომ კომპანია ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში განაგრძობს განვითარებას და ბევრ, ქვეყნისთვის საჭირო პროექტს განახორციელებს!
მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თითოეულ თანამშრომელს ერთად გატარებული წლებისთვის, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და უცხოელ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის“,- წერს სულხან ზუმბურიძე სოციალურ ქსელში.