აუდიტის სამსახური - უნებართვო მშენებლობისთვის სახელმწიფო ელექტროსისტემა 25-ჯერ დაჯარიმდა
აუდიტის სამსახური - უნებართვო მშენებლობისთვის სახელმწიფო ელექტროსისტემა 25-ჯერ დაჯარიმდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო სამუშაოებს მშენებლობის ნებართვის გარეშე აწარმოებს.

შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2014-2017 წლების პერიოდში კომპანია უნებართვო მშენებლობისთვის 25-ჯერ დაჯარიმდა.

„გადახდილი ჯარიმების ჯამური მოცულობა შეადგენს 69 400 ლარს, საიდანაც 40 100 ლარი წარმოადგენს განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებულ ჯარიმას“, – წერია ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა ელექტროსისტემას არ მიაჩნია პრიორიტეტულად.

„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ახორციელებს სპეციფიკურ და რთულ სამშენებლო სამუშაოებს, ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით (გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.)“, – აღნიშნულია ანგარიშში.