აუდიტის სამსახური - ელექტროსისტემის ხელმძღვანელის ხელფასის ყოველ წელს 10 პროცენტით ზრდა გონივრულ კრიტერიუმს არ ეფუძნება
აუდიტის სამსახური - ელექტროსისტემის ხელმძღვანელის ხელფასის ყოველ წელს 10 პროცენტით ზრდა გონივრულ კრიტერიუმს არ ეფუძნება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი ყოველ წელს უპირობოდ 10 პროცენტით იზრდებოდა. ამას რეაბილიტაციის მმართველსა და ფინანსთა სამინისტროს შორის 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს.

თუ 2008 წელს რეაბილიტაციის მმართველის შრომის ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, თვეში 10,312 ლარს შეადგენდა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 24 316 ლარამდე გაიზარდა.

„რეაბილიტაციის მმართველის შრომის ანაზღაურების ყოველწლიურად 10%-ით ზრდა უპირობოა და არ ეფუძნება გონივრულ კრიტერიუმს. ხელფასი იზრდება კომპანიის ფინანსური შედეგების და რეაბილიტაციის მმართველის საქმიანობის შეფასების გარეშე“, – აღნიშნულია ელექტროსისტემის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტში.

აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს მიმართავს, რეაბილიტაციის მმართველთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მკაფიოდ განისაზღვროს მისი პასუხისმგებლობის საკითხები და შრომის ანაზღაურების განსაზღვრის გონივრული კრიტერიუმები.