სულხან სალაძე - ნათია კაპანაძე თუ გადაწყვეტს სამართლებრივ დავას, მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ
სულხან სალაძე - ნათია კაპანაძე თუ გადაწყვეტს სამართლებრივ დავას, მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ

ახლა დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ წარიმართება აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევის პროცესი და ვინ იქნება შემდგომი დირექტორი, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, სულხან სალაძემ განაცხადა.

როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როგორ უზრუნველყოფს მრჩეველთა საბჭო ახალი დირექტორის შერჩევას.

„ნათია კაპანაძე თუ გადაწყვეტს სამართლებრივ დავას, მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა ეს სხდომა საგნობრივი დისკუსიის ნაწილში ყოფილიყო და ორივე მხარეს უფრო მეტი ესაუბრა არგუმენტებთან დაკავშირებით. როდესაც საერთაშორისო შეფასებებში არის საუბარი, რომ არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც აქვს დაბალანსებული საინფორმაციო პოლიტიკა და შემდგომში ხდება ამ მაუწყებელში დირექტორის ცვლილება, ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი. ახლა დიდი მნიშვნელობა იქნება, როგორ წარიმართება დირექტორის შერჩევის პროცესი და ვინ იქნება შემდგომი დირექტორი. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება როგორ წარიმართება პროცესი, იმ პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც საბჭო საუბრობდა“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

სალაძე იმედოვნებს, რომ მრჩეველთა საბჭომ პროცესს მიიყვანეს ბოლომდე და არ გაჩნდება ეჭვი, რომ მათ გადაწყვეტილებაში კონკრეტული ჯგუფები მონაწილეობდნენ.

„როდესაც დაბალანსებულ მედიას აქვს დაბალანსებული საინფორმაციო და იცვლება დირექტორი, ყოველთვის არის ინტერესი. ნურავის ნუ გაუჩნდება ილუზია, რომ მაგალითად ეუთო-ს, ევროკავშირს ან აშშ-ის წარმომადგენლობებს ვინმემ შეიძლება აიძულოს რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება“, – განაცხადა სალაძემ​.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა. ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.

ამასთან, ნათია კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სასამართლოში გაასაჩივრებს.