„სუხიშვილები“ ბერლინში მათ აფიშაზე საქართველოს Grusien-ად მოხსენიების საკითხს ეხმაურებიან
ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელობა ბერლინში, საკონცერტო დარბაზის წინ გამოკრულ აფიშაზე საქართველოს Grusien-ად მოხსენიების საკითხს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება „სუხიშვილების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“გვინდა გამოვეხმაუროთ ბერლინში დაგეგმილი ჩვენი კონცერტის აფიშაზე საქართველოს Grusien-ად მოხსენიების ფაქტს და გაცნობოთ, რომ სამწუხაროდ, აფიშის დიზაინი ანსამბლის ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა და ის ჩვენც სულ რამოდენიმე დღის წინ ვნახეთ.
გარწმუნებთ, რომ თქვენზე არანაკლებ, თუ მეტად არა, აღშფოთებულები ვართ ამ ფაქტით.
უკვე დავუკავშირდით ბერლინში ჩვენი კონცერტის ორგანიზატორ საპროდიუსერო კომპანიას, მოვითხოვეთ შეცდომის გასწორება და მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ამ აფიშების ახლით ჩანაცვლება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების ” კონცერტი ბერლინში 28 იანვარს გაიმართება.