ნინო სუხიშვილი - სამების ტაძრის წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება ჩემთვის პატივია
ნინო სუხიშვილი - სამების ტაძრის წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება ჩემთვის პატივია

სამების სავანე არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა და აგრესია არ არის არავის მიმართ, – ამის შესახებ ​ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორმა და გენერალურმა პროდიუსერმა, ნინო სუხიშვილმა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტზე საუბრისას განაცხადა.

„მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი აგრესიისა და ძალადობის, ყველა ფორმის გამოვლინებით წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ სამების წინ კონცერტი, საერთოდ სამების სავანე არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა და აგრესია არ არის არავის მიმართ. ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. თან მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდეგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას“, – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.

კითხვაზე იყო თუ არა ამ სიტყვები გამო მუქარები მის მიმართ, ალბათ იყო, რაც მისთვის გაუგებარია.

„იყო ალბათ, რაც ჩემთვის გაუგებარია, რადგან ჩვენ ნამდვილად არავის მიმართ ძალადობას არ ვიჩენთ. პირიქით, აბსოლუტურად ტოლერანტულები ვართ ყველასა და ყველაფრის მიმართ. ჩემთვის საერთოდ ეკლესია არის სიკეთე და სიყვარული. ღმერთი არის სიყვარული. არ მესმის, რატომ მოიაზრება ეს აგრესიად. რასაკვირველია, ალბათ რაღაც ინციდენტების გამო არის ეს დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, მაგრამ ცუდი და კარგი, ბოროტი და კეთილი ყველგან არის – ერშიც და ბერშიც. ზუსტად ჩვენ საზოგადოებამ და მამაომაც ალბათ უნდა ვეცადოთ, რომ ეკლესია რაღაცნაირად შიგნიდან ​გამოვასწოროთ, რაც იქ არ მოგვწონს და არა გარედან. ათეიზმით არ შეიძლება, აკრიტიკო ეკლესია“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

მისი თქმით, არავის აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ძალადობა და აგრესია დაუშვებელია როგორც ერთი, ისე მეორე მხარისგან.

„პირადად მე ბავშვობიდან სიძულვილისა და ზიზღის გრძნობები არ ვიცი, არ გამაჩნია საერთოდ არავის მიმართ, ამიტომ ჩემთვის ძალიან გაუგებარია და მართლა ვერ ვხვდები, ეს აგრესია რატომ მოდის კონკრეტულად ჩვენზე, რომლებიც მთელი ცხოვრება ერის საქმეს ვაკეთებთ და ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნების სამსახურში ვდგავართ“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

დატოვე კომენტარი