სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი შინაპატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ „სიენენი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, სამხედრო მოსამსახურეებმა სუდანის უკვე ყოფილი პრეზიდენტის დაცვის წევრები დააკავეს.
თავად ომარ ალ-ბაშირი კი საკუთარ რეზიდენციაშია, სადაც ვითარებას ათობით სამხედრო მოსამსახურე აკონტროლებს.
73 წლის ომარ ალ-ბაშირმა აფრიკულ სახელმწიფოში ძალაუფლება 1989 წელს, სამხედრო გადატრიალების საშუალებით ჩაიგდო ხელში და საკუთარ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. 1993 წლის შემდეგ სუდანი იზოლაციაში იმყოფება. სწორედ ამ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომარ ალ-ბაშირი და მისი მთავრობა ტერორისტების სპონსორების სიაში შეიყვანა. ოთხი წლის შემდეგ ვაშინგტონმა აფრიკული სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კი ომარ ალ-ბაშირს დარფურის რეგიონში 2003 წელს განხორიციელებული გენოციდში დამნაშავედ მიიჩნევს.
ამ მომენტისთვის დედაქალაქ ხარტუმში ათასობით ადამიანია გამოსული. ისინი ხელისუფლების დამხობას წინასწარ ზეიმობენ. ქვეყანაში არმიის საგანგებო განცხადებას ელოდებიან, რომლის დროსაც ისინი სავარაუდოდ სამხედრო გადატრიალების შესახებ განაცხადებენ.
სუდანის პრეზიდენტი თანამდებობიდან დღეს გადადგა.