მანჩესტერის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლის დოქტორანტი ჩია მინ ტანი, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფთან ერთად დაკვირვებებს ნიდერლანდებში მდებარე რადიოტელესკოპ LOFAR-ით აწარმოებდა. კვლევისას, მან მოულოდნელად პულსარი აღმოაჩინა.
პულსარები სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია და ნაკადების წარმოქმნიან ელექტრომაგნიტურ რადიაციას, რომელიც მათი პოლუსებიდან გამოედინება.
ეს კოსმოსური „შუქურები“ მაშინ წარმოიქმნება, როცა მასიური ვარსკვლავები სუპერნოვად ფეთქდებიან. ასეთი აფეთქების შემდეგ, ვარსკვლავის ადგილზე რჩება სუპერმკვრივი, მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 20 კმ-ს აღწევს.
მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე სწრაფად მბრუნავი პულსარები თავიანთ ღერძის გარშემო 1,4 მილიწამში ერთხელ ბრუნავენ, ანუ წამში 716-ჯერ.
ამ დრომდე, ასტრონომთათვის ცნობილი ყველაზე ნელი პულსარი ღერძის გარშემო ყოველ 8,5 წამში ერთხელ ბრუნავდა. თუმცა, ახლად აღმოჩენილი პულსარი, რომელიც დედამიწიდან 5200 სინათლის წლის მანძილზე, კასიოპეას თანავარსკვლავდში მდებარეობს, გაცილებით ნელა ბრუნავს — ყოველ 23,5 წამში ერთხელ.
ჩია მინ ტანის განცხადებით, პულსარიდან მომდინარე რადიოგამოსხივება კოსმოსური შუქურასავით მოქმედებს და სიგნალის დანახვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ რადიონაკადი შენკენ არის მომართული.
მისივე თქმით, ყველაზე ძნელი ნელა მბრუნავი პულსარების აღმოჩენაა. ამ შემთხვევაში, ეს პულსარი 15 000-ჯერ უფრო ნელა ბრუნავს, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე სწრაფი პულსარი.
ახალი პულსარი ასტრონომებმა LOFAR Tied-Array All-Sky Survey-ის პროექტის ფარგლებში იპოვეს. ეს პროგრამა პულსარებს ჩრდილოეთის ცაზე ეძებს.
ახლად აღმოჩენილი პულსარი დაახლოებით 14 მილიონი წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს ძლიერი მაგნიტური ველი. კვლევის თანაავტორის, ჯეისონ ჰესელსის განცხადებით, მისი აღმოჩენა სრულიად მოულოდნელი იყო და ასტრონომები ჯერ კიდევ შოკში არიან, რადგან ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ასე ნელა მბრუნავ პულსარს მაინც შეიძლება ჰქონოდა რადიოპულსები.
ასტრონომთა შემდეგი ნაბიჯი პულსარებზე ნადირობის გაგრძელებაა. გარდა LOFAR-ის ტელესკოპისა, ისინი ასევე გეგმავენ XMM-Newton-ის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებას.
მომზადებულია manchester.ac.uk-ის მიხედვით.