პულსარის აღმოჩენისთვის ჯოსელინ ბელ ბერნელს ათწლეულების შემდეგ 3$ მლნ პრემია გადაეცა
პულსარის აღმოჩენისთვის ჯოსელინ ბელ ბერნელს ათწლეულების შემდეგ 3$ მლნ პრემია გადაეცა

ირლანდიელ ასტროფიზიკოს ჯოსელინ ბელ ბერნელს ფუნდამენტური ფიზიკის პრემია გადაეცა 1967 წელს პულსარის აღმოჩენისთვის.

ბერნელი კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო, როდესაც ახლად გახსნილი მელარდის რადიოასტრონომიის ობსერვატორიის მონაცემების დამუშავებისას მკრთალი, განმეორებადი სიგნალი შენიშნა.

როგორც მან გაარკვია, ეს სიგნალი წარმოადგენდა სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავის განმეორებად ანთებებს. ცნობისათვის — პულსარი ნეიტრონული ვარსკვლავის ერთ-ერთი ტიპია, რომელმაც ასტრონომია სამუდამოდ შეცვალა.

მათი პულსები იმდენად რეგულარულია, რომ ამ ვარსკვლავების გამოყენება შესაძლებელია ერთგვარ ასტრონომიულ საათად, გალაქტიკური პოზიციონირების სისტემადაც კი.

პულსარები დიდად დაეხმარა ასტრონომებს ჩვენი გალაქტიკის სტრუქტურის გარკვევასა და ფარდობითობის შემოწმებაში; ერთი სიტყვით, ისინი უმნიშვნელოვანესი ობიექტებია. ბერნელი აღმოჩენას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ის უმცირესობის წევრი იყო— 1960-იან წლებში ირლანდიელი ქალი ასტროფიზიკაში თავის დამკვიდრებას ცდილობდა.

„ეს იყო ძალიან, ძალიან პატარა სიგნალი. ჩემს ხელთ არსებულ მონაცემებში ის უმცირეს ადგილს იკავებდა. იმიტომ შევნიშნე, რომ ნამდვილად ფრთხილად და საფუძვლიანად ვმუშაობდი“, — უთხრა ბერნელმა The Guardian-ს.

1974 წელს, პულსარის აღმოჩენისთვის, ნობელის პრემია ფიზიკაში გადაეცა ბერნელის ხელმძღვანელ ენტონი ჰევიშსა და მის კოლეგა მარტინ რაილს. მათ შორის ვერ მოხვდა ბერნელი.

მას შემდეგ ბელ ბერნელს რამდენიმე სხვა ჯილდო გადაეცა. ფუნდამენტური ფიზიკის პრემია გულისხმობს 3$ მილიონ ფულად ჯილდოს და ის ამ დრომდე მიღებული აქვს მხოლოდ სამ სხვა რეციპიენტს — პროფესორ სტივენ ჰოკინგს, ჰიგსის ბოზონის აღმომჩენ ჯგუფსა და გრავიტაციული ტალღების აღმომჩენ LIGO-ს თანამშრომლობას.

ბერნელს ჯილდო 4 ნოემბერს, ფუნდამენტური ფიზიკის პრემიის ცერემონიალზე გადაეცემა. თანხასთან დაკავშირებით, მას უკვე გეგმაც აქვს — გადასცემს ფიზიკის ინსტიტუტს, რომელიც ამ თანხით უმცირესობათა დოქტორანტ აპლიკანტებს დააფინანსებს.

„პულსარი იმიტომ აღმოვაჩინე, რომ მე უმცირესობის წარმომადგენელი ვიყავი და კემბრიჯში ცოტა არ იყოს, თავს ზედმეტად ვგრძნობდი. გარდა იმისა, რომ ქალი ვიყავი, ასევე ვიყავი ჩრდილოეთ ირლანდიელი. უმცირესობაში ყოფნა ხშირად ძალიან პროდუქტიულია. სენსაციური აღმოჩენები ხშირად სწორედ ამ მიმართულებიდან მოდის“, — უთხრა ბერნელმა BBC-ს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.