„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ბენეფიციარი - ჩემი დიდი ოცნება ასრულდა და ვარშავაში სწავლა დამიფინანსდა
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ბენეფიციარი - ჩემი დიდი ოცნება ასრულდა და ვარშავაში სწავლა დამიფინანსდა

„განათლების საერთაშორისო ცენტრმა“ ჩემი დიდი ოცნება აასრულა და სწავლა დამიფინანსა ვარშავაში, კოზმისკის უნივერსიტეტში, რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, – ამის შესახებ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სტიპენდიანტმა, ინგა ფარნიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა განათლება ისევ განათლებას ხმარდება. ჩემი პროგრამა ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა იყო და ორი წლის შემდეგ, საქართველოში აგვისტოში დავბრუნდი. სექტემბერში ცენტრის სტიპენდიანტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც მოწვეული იყო საქართველოში წარმოდგენილი თითქმის ყველა მთავარი უნივერსიტეტის წარმომადგენელი. სტიპენდიანტებმა წარმოვადგინეთ პროგრამები, სად ვისწავლეთ, რა პროფესიით, რა ხარისხით დავბრუნდით საქართველოში და რა წვლილის შეტანა გვსურდა საგანმანათლებლო სივრცეში. 

პრეზენტაციების შემდეგ გავესაუბრეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მათ გვითხრეს, რა ვაკანსიები ჰქონდათ ჩვენთან მიმართებით. ძალიან დიდი დაინტერესება და ბევრი შემოთავაზება იყო, მაგრამ მთავარი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. ფორუმიდან ორი კვირის შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პერსონალის მართვის დეპარტამენტში ადამიანური რესურსების მენეჯმენტის განხრით ვაკანსია ჰქონდათ. დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მთავარი სპეციალისტი ვარ“, – განაცხადა ფარნიაშვილმა.

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სტიპენდიანტმა დაფინანსების მოპოვების ეტაპებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად აპლიკაცია ონლაინ ივსება. პირველ ეტაპზე, ცენტრის ვებგვერდზე საჭირო საბუთები უნდა აიტვირთოს. მეორე ეტაპზე, უკვე შეფასება ხდება, ქულობრივად ვინ უფრო მაღალ დონეზეა, ვის რამდენი ქულა აქვს და ა.შ. მესამე ეტაპი გასაუბრებაა”, – განაცხადა ფარნიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში საცხოვრებელი ადგილის მოძებნის სხვადასხვა გზა არსებობს.

“საცხოვრებლის მოძებნაში ძალიან დამეხმარა გუგლი და სოციალური ქსელები. ასევე უნივერსიტეტის „ბადი პროგრამა”, რომლის ფარგლებშიც ახალჩასულ სტუდენტებს აეროპორტში ხვდებიან და წინასწარ შერჩეულ დასაბინავებელ ადგილამდე მიჰყავთ, ხოლო თუ სტუდენტებს საცხოვრებელი ადგილი შერჩეული არ აქვთ, ერთი კვირის განმავლობაში, მათ ახალი დასაბინავებელი ადგილის აღმოჩენამდე დაბინავებაში ეხმარებიან. “, – განაცხადა ინგა ფარნიაშვილმა.