ირაკლი ღარიბაშვილი - რვა წლის განმავლობაში 1200-მდე წარმატებული სტუდენტი დავაფინანსეთ, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
ირაკლი ღარიბაშვილი - რვა წლის განმავლობაში 1200-მდე წარმატებული სტუდენტი დავაფინანსეთ, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა

რვა წლის განმავლობაში 1200-მდე წარმატებული სტუდენტი დავაფინანსეთ, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება და ინიციატივა.

„მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო. მიხარია თქვენთან შეხვედრა. ჩვენ მანამდეც არაერთხელ ვართ შენახვედრი და გვქონდა ძალიან ღია საუბარი, ღია დისკუსია ნებისმიერ თემაზე. მიხარია, რომ ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ. მე ვხედავ ზვიად ბარქაიას, რომელიც არის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მინდა, ზვიადზე ვთქვა, რომ ზვიადი შემთხვევით გავიცანი. ზვიადი იყო ამ ცენტრის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელიც შემთხვევით შეარჩია კომისიამ, როგორც ხდება, და არამხოლოდ. ნიკას ვხედავ და კიდევ ნიკოს, ძალიან ბევრ ადამიანს, ნინოს ვხედავ, ძალიან ბევრ ადამიანს გიცნობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ჩვენ მიერ დაწყებული ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდოდა თქვენთან შეხვედრა, საუბარი მიმდინარე საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ასევე მზად ვარ, ღია საუბარი მქონდეს თქვენთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მაგრამ ერთად რომ შევაჯამოთ განვლილი რვა წელი, მგონი, საინტერესო იქნებოდა თქვენთვის და საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ რომ მოვისმინოთ შედეგები“, – განაცხადა პრემიერ-მინიტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი, რომელიც ქვეყნის გასაძლიერებლად მიემართება.

„შედეგები, ვფიქრობ, არის შთამბეჭდავი, ვინაიდან რვა წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ 1200-მდე წარმატებული, წარჩინებული სტუდენტი. ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შერჩეული გვქონდა და გვაქვს საუკეთესო უნივერსიტეტები მთელ მსოფლიოში. მიხარია, რომ ამდენი წარმატებული ადამიანის წინაშე გამოვდივარ სიტყვით. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, გისურვოთ ყველას წარმატებები. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და ამის თაობაზე ახალ მინისტრთან უკვე გვაქვს საუბარი. მინდა, ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ახალ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, ახალი რეფორმების დაწყებას აპირებს უმაღლესი განათლების სფეროში და სხვა მიმართულებითაც. ყველა მიმართულებით აქვს ძალიან კარგი იდეები და ხედვები, რომელსაც ახლა, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ. ვფიქრობ, შთამბეჭდავი იყო ეს რვა წელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაფართოოთ, მასშტაბები შეიძლება, გაიზარდოს. მთავარი იდეა რაშიც მდგომარეობს, არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი. მთავარი თემა არის, რომ ადამიანური კაპიტალი შევქმნათ ქვეყანაში და, რაც მთავარია, ეს ადამიანური კაპიტალი უნდა მივმართოთ ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობდა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, დაეხმაროს ახალგაზრდებს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მთავრობას გააჩნია სხვა იდეებიც.

„იცით, რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, წარჩინებულ სტუდენტებს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა, მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა იდეები, რომლებზეც მინდა, რომ ახლა გესაუბროთ, დახურულ ფორმატში. რაც მთავარია, მინდა, გთხოვოთ, რომ დისკუსია იყოს ჩვეულებისამებრ, ტრადიციისამებრ, ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და გულწრფელი. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და ყველას წარმატება მინდა, გისურვოთ. თქვენი ცოდნა ჩვენი სიძლიერეა. აი, ეს კაპიტალი, რაც იქმნება, ქვეყანას უნდა გამოადგეს საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. სწორი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.