სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქმე ეხება ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი სტრასბურგიდან იუწყება, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება და პატიმრობა იყო კანონიერი. ხოლო, 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რაც არეგულირებს წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას.
სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის მიზანს წარმოადგენს, არ მისცეს სახელმწიფოებს შესაძლებლობა, ადამიანის უფლებების შეზღუდვა გამოიყენონ კონვენციასთან შეუსაბამო მიზნების მისაღწევად. მოსარჩელის მტკიცებით, მის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის რეალურ მიზანს მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება და ამით მისი პარტიის პოლიტიკური შესუსტება წარმოადგენდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არაკონვენციური მიზნების მიღწევასაც. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არ ნიშნავდა მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას, თუმცა სასამართლომ მისი საკნიდან გაყვანა და წინასწარი პატიმრობის დროს გვიან ღამით დაკითხვა მიიჩნია საკმარისად დამაჯერებლად.
ამასთან, 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ ვანო მერაბიშვილს 4000 ევრო უნდა გადაუხადოს.