სტივენ ჰოკინგის შეუფასებელ მემკვიდრეობას სპეციალურ არქივში დაიცავენ — #1tvმეცნიერება
ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის მემკვიდრეობა უკვე საიმედოდ არის დაცული.
ლეგენდარული ფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის ნაწერების დაახლოებით 10 000 გვერდი კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სპეციალურ არქივში შეინახება. მათ შორის არის გაციფრულების პროექტიც, რომელიც ამ დოკუმენტებს უფასოდ გახდის საჯაროდ ხელმისაწვდომს.
გარდა ამისა, ჰოკინგის ოფისი და სხვა პირადი ნივთები გაერთიანებული სამეფოს მეცნიერების მუზეუმს გადაეცა.
აღნიშნული ორი პროექტი ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, მემკვიდრეებს შეუძლიათ გადასახადებისგან გათავისუფლდნენ, თუ ქვეყანას მნიშვნელოვან ნივთებს შესწირავენ. ამ შემთხვევაში, დოკუმენტები 2,8 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასდა, ოფისი კი 1,4 მილიონ გირვანქა სტერლინგად.
სინამდვილეში, ჰოკინგის ნაშრომები რა თქმა უნდა, შეუფასებელია. ის ისტორიაში ერთ-ერთ უდიადეს სამეცნიერო გენიად მიიჩნევა.
„ეს არქივი სტივენის გონებაში შესვლისა და მასთან ერთად კოსმოსში მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს, რათა როგორც თავად ამბობდა, უკეთ გავიგოთ ჩვენი ადგილი სამყაროში“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი ჯესიკა გარდნერი.
პირად ნივთებს შორის, რომლებიც სამეცნიერო მუზეუმში დაიდებს ბინას, არის ხმის სინთეთიზატორი, ექვსი პერსონალიზებული გორგოლაჭებიანი ეტლი, ცნობარები და ნიჩბოსნობის ჟილეტი, რომელიც ახალგაზრდა ჰოკინგს მაშინ ეცვა, როდესაც მდინარეში ჩავარდა.
მუზეუმი ზოგიერთი ნივთის გამოფენასაც გეგმავს და თანდათანობით მოახდენს ჰოკინგის ოფისის რეკონსტრუქციას.