სტივენ ჰოკინგს ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ
სტივენ ჰოკინგს ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ

14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაცვლილი ფიზიკოსის ფერფლს წლის ბოლოს, მე-10 საუკუნის გოთიკურ ეკლესიაში, ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ.

„სრულიად ბუნებრივია, რომ პროფესორი ჰოკინგი ამ სააბატოში დაიკრძალება სხვა გამოჩენილ მეცნიერთა გვერდით. სერ ისააკ ნიუტონი აქ 1727 წელს დაკრძალეს, მის გვერდით კი 1882 წელს ჩარლზ დარვინმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი“, — აღნიშნავს განცხადებაში ვესტმინსტერის ხელმძღვანელი ჯონ ჰოლი.


„იქვე დაკრძალული არიან სხვა გამოჩენილი მეცნიერებიც, მათ შორის, ატომური მეცნიერი ერნესტ რეზერფორდი 1937 წელს და ჯოზეფ ჯონ ტომსონი 1940 წელს. მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და რელიგიის თანამშრომლობა სიცოცხლისა და სამყაროს საიდუმლოთა შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად“, — აღნიშნავს ჰოლი.

დაკრძალვის ზუსტ თარიღს ჰოკინგის ოჯახი არ აკონკრეტებს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი დაავადებული იყო ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით, რის გამოც ცხოვრების უდიდესი ნაწილი ეტლში გაატარა და მისაბაძად პიროვნებად იქცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მრავალი ადამიანისთვის.

ჰოკინგი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი იყო. ატარებდა მოწინავე კვლევებს შავი ხვრელებისა და ზოგადად, სამყაროს შესახებ.

სტივენ ჰოკინგის ნაშრომებმა რევოლუცია მოახდინა შავ ხვრელთა სამეცნიერო გაგებაში. ფიზიკოსმა გაარკვია, რომ ეს იდუმალი ობიექტები სინამდვილეში გამოყოფენ რადიაციას და დროთა განმავლობაში, შეიძლება აორთქლდნენ კიდეც.

ამის დადგენა ჰოკინგმა აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიისა და კვანტური მექანიკის გაერთიანებით შეძლო, რაც მანამდე არავის გაუკეთებია.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ჰოკინგმა პასუხი გასცა სხვა მრავალ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს შეკითხვას. მაგალითად, როჯერ პენროუზთან ერთად წამოაყენა თეორია, რომ სამყარომ არსებობა სინგულარობიდან დაიწყო — უსასრულო სიმკვრივის წერტილიდან, რომელიც შავი ხვრელის ბირთვში არსებულ გარემოს ჰგავს.

ვესტმინსტერის სააბატო X საუკუნეში დაარსდა, ამჟამად არსებული ეკლესია კი XIII საუკუნეში, ჰენრი III-ის მეფობისას აიგო.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით