BBC სტივენ ჰოკინგის უკანასკნელ ინტერვიუს აქვეყნებს
BBC სტივენ ჰოკინგის უკანასკნელ ინტერვიუს აქვეყნებს

გასული წლის იანვარში, მთელი მსოფლიო მოიცვა ძალიან ამაღელვებელმა ცნობამ, რომ ისტორიაში პირველად, დაფიქსირებული იყო ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახება.

ამ აჟიოტაჟის ფონზე, სტივენ ჰოკინგმა ინტერვიუ მისცა BBC News-ის მეცნიერების კორესპონდენტს, პალაბ გოშს. ფიზიკოსი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის გრავიტაციულ ტალღათა აღმოჩენა, შავი ხვრელები და ოქროს წარმოქმნა.

ეს იყო ჰოკინგის უკანასკნელი საეთერო ინტერვიუ, რომლის სრულ ვერსიასაც BBC ახლა, ფიზიკოსის სიკვდილის შემდეგ აქვეყნებს.

თუკი არაფერი გსმენიათ ნეიტრონულ ვარსკლავთა შეჯახების შესახებ, შეგასხენებთ, რას იუწყებოდნენ მაშინ მეცნიერები:

„პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მთელი მსოფლიოდან, მოვახერხეთ ფოტოები გადაგვეღო ჩვენგან 130 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების პროცესისთვის.

„ეს მოვახერხეთ გრავიტაციულ ტალღათა ასტრონომიის წყალობით, რომელმაც მოვლენა დააფიქსირა და მთელი მსოფლიოს ობსერვატორიებს მიუთითა, ცის რა მიმართულებით უნდა დაეწყოთ დაკვირვებები“.

რაც ყველაზე საოცარია, ეს გახლდათ გრავიტაციული ტალღების დაფიქსირების მხოლოდ მეხუთე შემთხვევა.

„ნამდვილი ნიშანსვეტი ასტრონომიაში“ — ასე უწოდებს ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების აღმოჩენას ჰოკინგი.

„ეს გახლავთ ჩვენთვის ცნობილი პირველი გრავიტაციული ტალღები, რომელსაც ასევე ახლავს ელექტრომაგნიტური სიგნალები. იგი ამტკიცებს, რომ გამა-გამოსხივების მოკლე ანთებები ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმისას ხდება“.

„ჩვენ წინაშეა კოსმოლოგიაში მანძილების განსაზღვრის სრულიად ახალი გზა, რომელიც ასევე გვასწავლის უკიდურესად მაღალი სიმჭიდროვის მქონე მატერიის ქცევას“.

ჰოკინგი ასევე განმარტავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს აღმოჩენა შავი ხვრელების ფიზიკისთვის.

„ის ფაქტი, რომ ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით შეიძლება შავი ხვრელი წარმოიქმნას, აქამდე მხოლოდ თეორიის საფუძველზე იყო ცნობილი. მაგრამ ამ მოვლენამ ეს დაკვირვებით დაადასტურა“, — აღნიშნავდა ჰოკინგი.

„შერწყმა სავარაუდოდ წარმოშობს მბრუნავ, ჰიპერმასიურ ნეიტრონულ ვარსკვლავს, რომლიც შემდეგ კოლაფსირდება და წარმოქმნის შავ ხვრელს. ეს ძალიან განსხვავდება შავ ხვრელთა წარმოქმნის სხვა გზებისგან, მაგალითად, როცა იგი სუპერნოვასგან ან იმ ნეიტრონული ვარსკვლავისგან ჩნდება, რომელიც სხვა, ჩვეულებრივი ვარსკვლავის მატერიას ჭამს“.

„მონაცემთა სათუთი ანალიზისა და სუპერკომპიუტერებით თეორიული მოდელირების საფუძველზე, გაჩნდა ძალიან დიდი სივრცე შავ ხვრელთა ფორმაციის დინამიკისა და გამა-გამოსხივების ანთებათა საკვლევად“.

და ბოლოს, ინტერვიუ მთავრდება ოქროზე და მის იშვიათობაზე საუბრით.

„ოქროს წარმოქმნის ერთ-ერთი გზაა ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება. მისი წარმოქმნა ასევე შესაძლებელია სწრაფი ნეიტრონების ჩაჭერით სუპერნოვაში“, — ამბობს ჰოკინგი.

„ოქრო არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ ყველგან იშვიათია. ამის მიზეზი ისაა, რომ ბირთვული დამაკავშირებელი ენერგია პიკს რკინასთან აღწევს, რაც ართულებს მძიმე ელემენტთა წარმოქმნას“.

სამწუხაროა, რომ პროფესორი ჰოკინგი ვეღარასდროს განგვიმარტავს გასაოცარ აღმოჩენათა მნიშვნელობას, თუმცა მან კაცობრიობას დაუტოვა მემკვიდრეობა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა სამყაროს ჩვენეული აღქმა. მის მიერ დატოვებული ცოდნა კიდევ დიდხანს შთააგონებს ჩვენს ცივილიზაციას და შექმნის ძლიერ საძირკველს მის კვალზე დამდგარ მეცნიერთათვის.

ინტერვიუს სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ BBC-ის ვებგვერდზე.