სტივენ ჰოკინგის დაკრძალვისას, მისი ხმა კოსმოსში, შავი ხვრელისკენ გაუშვეს
სტივენ ჰოკინგის დაკრძალვისას, მისი ხმა კოსმოსში, შავი ხვრელისკენ გაუშვეს

სამყარომ, რომლის შესწავლასაც სტივენ ჰოკინგმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ახლა უკვე იცის მისი ხმა.

სახელგანთქმული ბრიტანელი ფიზიკოსი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იტანჯებოდა სასტიკი დაავადებით, მარტში დაიღუპა. ჰოკინგი რამდენიმე დღის წინ ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალეს.

ჰოკინგის ფერფლი ჩარლზ დარვინისა და ისააკ ნიუტონის სამარხებს შორის მოათავსეს, მაღლიდან კი მემორიალური ქვა დაადეს. ქვაზე ამოტვიფრულია განტოლება, რომელსაც ის შავი ხვრელების სამყაროს იკვლევდა.

ზუსტად მაშინ, როცა მეცნიერის ფერფლს სამუდამოდ ფლავდნენ მიწაში, მისი ხმა შორეულ მოგზაურობაში გაუშვეს, დედამიწიდან ათასობით სინათლის წლის მანძილზე მდებარე უახლოესი შავი ხვრელისაკენ.

ახლობლების თქმით, ეს სიმბოლური ჟესტი იყო, რადგან ბოლოსდაბოლოს, ჰოკინგს მის საყვარელ კოსმოსში გამგზავრების საშუალება მიეცა.

დაკრძალვას ჰოკინგის ახლობლები, კოლეგა მეცნიერები და ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.

ჰოკინგის ფერფლი ვესტმინსტერის სააბატოს მეცნიერთა კუთხეში დამარხეს. საფლავის ქვაზე ამოტვიფრული განტოლების საფუძველზე ფიზიკოსმა წამოაყენა თეორია, რომ შავი ხვრელები მთლად შავი კი არ არის, არამედ თანდათან კარგავენ თერმულ რადიაციას. განტოლებას თან ახლავს შავი ხვრელის გამოსახულება და წარწერა: „აქ განისვენებს მოკვდავი სტივენ ჰოკინგი, 1942-2018“.

ცერემონიის დროს, ჰოკინგის ხმა კოსმოსში გაუშვეს.

ფიზიკოსის ხმა სახელგანთქმული ბერძენი კომპოზიტორის, ვანგელისის მუსიკის ფონზე დაადეს და შემდეგ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ესპანეთში განთავსებული გიგანტური ანტენის საშუალებით შავი ხვრელის მიმართულებით გაუშვა.

„ეს უმშვენიერესი, სიმბოლური ჟესტია, რომელიც ამყარებს კავშირს ამ პლანეტაზე მამაჩემის არსებობასა და მის საყვარელ კოსმოსს შორის, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია“, — ამბობს ჰოკინგის ქალიშვილი, ლუსი ჰოკინგი.

როგორც ჰოკინგის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვანგელისი აღნიშნავს, მუსიკის შექმნით ვალი გადაიხადა და საკუთარი პატივისცემა გამოხატა ამ არაჩვეულებრივი ადამიანისადმი.

„წარმოვიდგენ, რომ სადაც არ უნდა იყოს, იგი მოგზაურობას აგრძელებს იგივე ერთგულებით. მშვიდობით, პროფესორო ჰოკინგ“.

უცნობია, კონკრეტულად რას ამბობს ჰოკინგი ჩანაწერში.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, სიგნალი 1A 0620–00-სკენ გაუშვეს. ეს გახლავთ ბინარული (ორმაგი) ვარსკვლავური სისტემა, რომელიც ასევე შეიცავს ვარსკვლავური მასის შავ ხვრელს და მდებარეობს ჩვენგან 3500 სინათლის წლის მანძილზე.

„ამაღელვებელია იმის წარმოდგენა, რომ სტივენ ჰოკინგის ხმა ვანგელისის მუსიკასთან ერთად, 3500 წლის შემდეგ შავ ხვრელს მიაღწევს და სამარადისოდ გაიყინება მის მოვლენათა ჰორიზონტზე“, — აღნიშნავს სააგენტოს სამეცნიერო დირექტორი გიუნთერ ჰაზინგერი.

ჩვენი დროის ყველაზე დიდი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 14 მარტს, საკუთარ სახლში, კემბრიჯში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.