„სტერეო +”-ის დამფუძნებელი ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს კომპანიის წილების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს
„სტერეო +”-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი, ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს კომპანიის წილების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ზილფიმიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბეჟუაშვილს, თავისი მფარველების დახმარებით, დღესაც მიუწვდება ხელი მართლმსაჯულებასა და პროკურატურაზე. დავით ზილფიმიანის განმარტებით, ბიზნესმენ ბეჟუაშვილის მიზანია, მედიაკომუნიკაციების ხელში ჩაგდება და ამ გზით მედიასაშუალებების კონტროლი.
ზილფიმიანი მიმართავს ხელისუფლებას, ამ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს.
„2016 წელს დავით ბეჟუაშვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომლითაც მთხოვდა 900 ათას ლარს, რომელიც თითქოს მისგან 2004-2005 წლებში ვისესხე, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ეს ორი ინსტანციის სასამართლომაც დაამტკიცა.
თუმცა მათ საქმე გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში, რომელმაც მხარეების გარეშე, ზეპირი მოსმენით გამოიტანა პირველი ორი ინსტანციისგან რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით დაყადაღდა ჩემი ქონება და სამ კვირაში დაგვატოვებინებენ კომპანიას.
მიმაჩნია, რომ “სტერეო +”- ში 50%-იანი წილის იმ ადამიანის ხელში გადასვლა, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ გამოიჩინა თავი თავისუფალ მედიასაშუალებებში წილების უკანონოდ ხელში ჩაგდებით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თავისუფალი მედიასივრცის განვითარებას” – განაცხადა “სტერეო +”-ის დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა.