დავით ზილფიმიანი - პრაქტიკულად ოპოზიციის სეგმენტი გახდა გარანტი, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“კიდევ ერთხელ უპირობოდ მოვიდეს ხელისუფლებაში
დავით ზილფიმიანი - პრაქტიკულად ოპოზიციის სეგმენტი გახდა გარანტი, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“კიდევ ერთხელ უპირობოდ მოვიდეს ხელისუფლებაში

პრაქტიკულად ოპოზიციის სეგმენტი გახდა გარანტი, რომ 2024 წელს „ოცნება“ კიდევ ერთხელ უპირობოდ მოვიდეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე პარლამენტში მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი სეგმენტების არსებობა „ოცნებისთვის“ მხოლოდ სასიამოვნოა.

ამასთან, დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს შინაგანი პატიოსნება და არ უნდა მოიქცეს ისე, რომ იფიქროს ერთი, ილაპარაკოს მეორე და აკეთოს მესამე.

„სათაური მომწონს, დებატები კარგია, მაგრამ რაზე ვდებატობთ. ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტის დარბაზში ვერ ვნახე ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით აღიარებდა ან ხაზს გაუსვამდა, რომ ის არ არის პროევროპული ყაიდის. ანუ ყველა ერთსა და იმავეს ვლაპარაკობთ, თითქოს სადებატო არაფერი არ უნდა იყოს. ვიდებატოთ, მაგრამ რატომ ჩამოყალიბდა ჩვენთან პოლიტიკოსში ასეთი მცნება, რომ თუ პოლიტიკოსი პოლიტიკოსია, მაშინ მან შეიძლება, იფიქროს ერთი, ილაპარაკოს მეორე, აკეთოს მესამე. ეტყობა, პოლიტიკოსი რომ ხარ, ეს საპატიოა. ამ დარბაზში ერთს ვსაუბრობთ, შემდეგ გავდივართ და მედიაში მეორეს ვსაუბრობთ, მესამეს ვფიქრობთ. სადღაც მივდივართ კიდევ უცხოეთში და მეოთხეს ვაკეთებთ. ვერ ვხვდები, ეს როგორ არის ერთმანეთთან სინქრონიზაციაში. უნდა გვქონდეს ჩვენი შინაგანი პატიოსნება, მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსი გქვია თუ – არა. იმედი მაქვს, ბევრს აქვს ეს. ამ დარბაზში არავის არ გითქვამთ, რა არის სადებატო, ანტიევროპული გამოსვლით არ გამოსულხართ. რაზე ვდებატობთ? სათაური კარგია დებატის ნაწილში, მაგრამ მერე, რა არის სადებატო. ვცდილობ, ვიყო ობიექტური. რაღაცას აბრალებს მმართველი ძალა ოპოზიციას, ოპოზიცია მმართველ ძალას, რომ არ არის საკმაოდ პროევროპელი. მე მინდა ფაქტები. ამ ევიდენსების ძებნაში რა გვაქვს ხელთ. ხელთ გვაქვს ის, რომ აქ პროევროპელია, შემდეგ მედიაში ამბობს, რომ რატომ უნდა მიიღონ საქართველო ევროპაში – უკრაინა ომობს, ის უნდა მიიღონ, საქართველო არა. ვიომეთ უკვე, 30 წელია, დავიდარაბაში ვართ. როგორ შეიძლება ამის თქმა. კიდევ უარესი, მესამე საერთოდ სხვა რამეს აკეთებს.

ყველას გვყავს მეგობრები ევროპაში და მირეკავს ჩემი მეგობარი, მეუბნება, თქვენი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოსულია აქ და შინაარსი ის არის, რომ ამ ხელისუფლების დროს არ მივიღოთ საქართველო ევროპაში. ხელისუფლებას ვიღებთ ევროპაში? ქვეყანას არ ვიღებთ? ამას სხვა დროს მოღალატე ეწოდებოდა, წარსულში, შესაძლოა, თავი მოეკვეთათ, მე შორს ვარ ასეთი რამისგან, მაგრამ უპატიოსნობა მაინც ხომ ჰქვია. ეს არის ევიდენსი, ეს არის ფაქტები. ახლა აქეთ ვნახოთ, რა ფაქტია. ზომაზე მეტი სიფრთხილე. ვეძებ, გავიგო და სხვა ვერ დავიჭირე. თუ სასწორზე დავდებ მოღალატეობრივს და ზომაზე მეტ სიფრთხილეს, მე მხარს ვუჭერ პასუხისმგებლობით გამსჭვალულ სიფრთხილეს. შესაბამისად, პრემიერ ღარიბაშვილის ქმედებას მხარს ვუჭერ. მე ამათი ოპოზიციაც ვარ და იმისიც, ვინც დღეს მოღალატეა. მოდით, კარგად დავფიქრდეთ, რას ვლაპარაკობთ, რას ვფიქრობთ და რას ვაკეთებთ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. არ დავწრვილმანდები, კონკრეტულად რომელიმე კოლეგაზე ვისაუბრო, მაგრამ ეს ხომ ასეა. პრაქტიკულად ოპოზიციის ეს სეგმენტი, ვინც ამას სჩადის, გახდა გარანტი 2024 წელს კიდევ ერთხელ „ოცნების“ უპირობოდ ხელისუფლებაში მოსვლის. რატომ? ასეთი სეგმენტი რომ გეყოლება ოპოზიციაში, ხალხი ბრმა ხომ არ არის. სასწორზე მარტო იმას კი არ დებს ხალხი, რა გააკეთა კარგი ვინმემ, იმასაც დებს, მოწინააღმდეგემ რა გააკეთა ცუდი. ასეთი სეგმენტების არსებობა „ოცნებისთვის“ მხოლოდ სასიამოვნოა. ყველაზე არ ვსაუბრობ ოპოზიციაში. ბარემ წინასწარ მიულოცეთ 2024 წელს უპირობოდ მოსვლა ხელისუფლებაში“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.