სტალაგმიტები შორეული წარსულის ქრონიკებს დიდი სიზუსტით ინახავს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
სტალაგმიტები შორეული წარსულის ქრონიკებს დიდი სიზუსტით ინახავს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მიწის ზედაპირიდან ღრმად, ადამიანთაგან თითქმის შეუსწავლელ მღვიმეებში დროის სამარადისოდ შემონახვის უცნაური მექანიზმი მოქმედებს.

ათასწლეულების განმავლობაში, ეს მექანიზმი იმდენად ნელა მუშაობს, რომ მასთან შედარებით, ბალახი თქვენ თვალწინ წამებში გაიზრდებოდა. მღვიმეში ჩამოკიდებული სტალაქტიტებიდან ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყალი მღვიმის ფსკერზე წვეთავს და თანდათან ზევით მზარდი სტალაგმიტები წარმოიქმნება.

ამ სპელეოთემური ურთიერთქმედების საფუძვლები მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, მაგრამ ჯერ კიდევ ხშირად ვაწყდებით, რაოდენ შორეული წარსულია ამ აღბეჭდილი ამ მიწისქვეშა წარმონაქმნებში: უძველეს ტყის ხანძრათა გამოძახილები, საზოგადოებრივ კოლაფსთა თქმულებები და ჩვენი საკუთარი ბედის საშინელი წინასწარმეტყველებებიც კი.

ახალ კვლევაში, ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გეოქიმიკოს ანდი ბეიკერის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინეს, რომ სტალაგმიტები არა მხოლოდ იწერენ უცაბედი და ექსტრემალური კლიმატური მოვლენების ასეთ დრამატულ მაგალითებს, არამედ ბუნებრივი დრომრიცხველის როლსაც ასრულებენ — მათი შემადგენელი კლდოვანი ფენები დროის სვლას ქრონოლოგიურად გადმოგვცემს.

„ჩვენი ახალი გლობალური ანალიზი აჩვენებს, რომ სტალაგმიტების ზრდა შეგვიძლია მეტრონომის მსგავსად მივიჩნიოთ, რომელიც ძლიერ მუდმივია ასობით ათასი წლის განმავლობაში“, — განმარტავს ბეიკერი.

მისივე განცხადებით, ზოგადად, სტალაგმიტების ზრდა პროგნოზირებადია და სწორედ ამ უნიკალური თვისების გამოა ისინი მკვლევართათვის ასე ღირებული — მთელ მსოფლიოში ფართოდ წარმოდგენილი ძლიერ რეგულარული რგოლების ზრდის გამოყენებით, შეგიძლია წარსულის დრო დაადგინოთ.

საკუთარ კვლევაში, ბეიკერმა და მისმა ჯგუფმა შეისწავლა 6 კონტინენტის 23 სხვადასხვა მღვიმის სტალაგმიტები — ისინი ეძებდნენ რაიმე საერთიო მექანიზმს, რომელსაც შეიძლება მათი წარმოქმნა აეხსნა.

აღმოაჩინეს, რომ სტალაგმიტების ზრდის მაჩვენებელი უფრო თბილი ტემპერატურის შესაბამისად იზრდება და როგორც ჩანს, ფორმაციები მხოლოდ სეზონური ნალექების მქონე რეგიონებში იზრდება.

მართალია, სტალაგმიტების განვითარების გზებზე მრავალი სახის კლიმატურ აშლილობას შეიძლება ჰქონდეს გავლენა, მაგრამ ზრდის მაჩვენებელი დროთა განმავლობაში მთელ მსოფლიოში შედარებით ერთნაირი და თანმიმდევრულია, მაგრამ მაინც წარმოუდგენლად ნელი.

„სტალაგმიტების სიმაღლეში ზრდის გლობალური საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით ერთი მეტრი იყო გასული 11 000 წლის განმავლობაში“, — ამბობს ბეიკერი.

ასეთ ეპიკურ ვადებში, სტალაგმიტები ზოგადად მოწესრიგებული ხასიათით იზრდება, დაახლოებით ხის რგოლების მსგავსად, გარდა ხანგრძლივი, მრავალწლიანი აშლილობებისა, მაგალითად, გახანგრძლივებული სველი ან მშრალი წლების შემდეგ, რომლებიც მათ ჩანაწერებშიც ჩანს და დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, როგორებიც არის ელ-ნინიო ან ლა-ნინია.

ამ აშლილობათა გავლის შემდეგ, სტალაგმიტების ზრდის ფენები რეგულარულ რიტმს უბრუნდება.

„სტალაგმიტების აკუმულაციის მაჩვენებელი დროთა განმავლობაში შედარებით უცვლელია. იმიტომ, რომ მწვეთავი წყლის წყაროს საკმარისი მოცულობა და ქიმიური შემადგენლობა აქვს, რათა ერთგვარი ბუფერი იყოს სწრაფი ცვლილებებისადმი. წლიდან წლამდე, ჩვენ ვხედავთ „ციმციმს“, როდესაც აკუმულაციის მაჩვენებელი გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს უბრუნდება და ეს ამ ბუფერული ეფექტის წყალობით ხდება“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ამ მიზეზის გამო, სტალაგმიტებს ძალიან ბევრი რამ შეუძლია გვასწავლოს უძველესი წარსულის ქრონოლოგიის შესახებ, რადგან ისინი კლიმატთან დაკავშირებული იმ ვრცელი მონაცემების დიდი არქივია, რომლის გახსნა და შესწავლაც ახლა დავიწყეთ.

კვლევა ჟურნალ Reviews of Geophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია newsroom.unsw.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.