სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოს აივნებიდან დროშები გადმოიფინა
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საკრებულოს ისტორიული აივნებიდან დროშები საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად გადმოფინა. ამით საკრებულო ჰერალდიკის საბჭოს ინიციატივას შეუერთდა, რომლითაც მან სახელმწიფო უწყებებსა და რიგით მოქალაქეებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ეროვნული დროშის ფანჯრებზე, აივნებზე, ღობეებსა თუ ავტომანქანებზე გამოფენისკენ მოუწოდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სამომავლოდ ამ დღის აღნიშვნა უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
„დღეს, 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნება სახელმწიფო დროშის დღე. ჰერალდიკის საბჭოს ინიციატივა იყო, რომ ყველა დაწესებულებასა თუ ოჯახში ყოფილიყო დროშები გამოფენილი. ჩვენ, თბილისის საკრებულო, სიამოვნებით შეუერთდით ამ აქციას. მინდა მივულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული აქცია მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება”,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლის 14 იანვრიდან აღინიშნება.