პარლამენტმა „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა და პირველი მოსმენით, 79 ხმით მიიღო.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი დეპუტატებს პირველი მოსმენით კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გააცნო.
მისი თქმით, სპორტის შესახებ მოქმედი კანონი პარლამენტმა 1996 წელს მიიღო, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო კი 1999 წელს დაარსდა, შესაბამისად, მოქმედ კანონში ასახული არ არის ის ნორმები და მიდგომები, რასაც ანტიდოპინგური კოდექსი ითვალისწინებს.
ამასთანავე, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დოპინგის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები ეროვნულ კანონმდებლობებში აისახოს.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, „სპორტის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
„სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებით, ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა.
ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგად კანონმდებლობითა და კომპეტენტური ორგანოების, ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული შედეგების განხორციელება, მათ შორის შეუწყვიტონ სპორტსმენს ან სხვა პირს ყველა სახის დაფინანსება სანქცირების პერიოდში. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დოპინგკონტროლის ფუნქციების განხორციელების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საერთაშორისო ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ გაცემული ან აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატი აქვთ.