საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლებიც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ხელფასის ზრდას ითვალისწინებს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლებიც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ხელფასის ზრდას ითვალისწინებს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ხელფასის ზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტი კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, დეპუტატების შრომის ანაზღაურების ოდენობა 2025 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება, კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც საპარლამენტო თანამდებობებს იკავებს. ასევე, იცვლება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პროექტის პირველი მუხლი შესწორდა და აბსოლუტური თანხები ჩანაცვლდა კოეფიციენტით.

„თავდაპირველ ინიცირებულ პროექტში იყო თანხები გაწერილი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ახლა პროცესი, რომელსაც გადის პარლამენტი, ეს არის ხუთი წლით დაგვიანებული პროცესი კოეფიციენტებზე გადასვლისა პარლამენტის წევრების შემთხვევაში, მსჯელობის შედეგად უფრო სწორად ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს კოეფიციენტები, რაც კანონით იყო დადგენილი, აისახოს შესაბამისად.

რაც შეეხება, კონკრეტულად რა იქნება ანაზღაურება, აქედან რთულია თქმა, ვინაიდან ეს ცვლადი არის. კოეფიციენტების იდეა სწორედ რომ არის ცვლადი. დამოკიდებული არის იმ ანაზღაურებაზე, რომელიც დგინდება ხოლმე ბიუჯეტის მხრიდან და შემდეგ ნამრავლი არის კოეფიციენტზე.

ეტაპობრივად მზარდი იქნება, ისევე, როგორც საჯარო სექტორში. მთლიანად საჯარო სექტორი, ხუთი წელია, უკვე გადასულია ამ სისტემაზე. საჯარო მოხელეები მათ შორის. ყველა საჯარო მოხელეს, თანამდებობას და პოზიციას აქვს საკუთარი კოეფიციენტი მიკუთვნებული და ხდება ყოველ წელს კოეფიციენტის ნამრავლი ძირითად ანაზღაურებასთან, რომელიც ასევე ბიუჯეტით დგინდება. ამაზე ნამრავლით გამოიანგარიშება. ასე რომ, საქართველოს პარლამენტის წევრებიც მოხვდებიან ზუსტად იმ ერთიან სისტემაში, რომელიც არის საჯარო მოხელეებისთვის შექმნილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.