იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.

ცვლილება სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების საკითხებს აწესრიგებს.

კანონპროექტით, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი ამ აქტის მიღებისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, არავის აქვს უფლება, აღნიშნული აქტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი, ამ აქტის მიღების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება.

ცვლილებების განხორციელება, ასევე, იგეგმება იმ მუხლებში, რომლებიც შეეხება: მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესს, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს და დისციპლინური გადაცდომის სახეებს, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტას.