სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსისა და ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა
სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსისა და ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და მწვრთნელებს შეხვდა, რომლებიც ფედერაციაში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო არიან.

მხარეებმა ტაეკვონდოს ფედერაციის წესდებაში ცვლილებების შეტანაზე მოილაპარაკეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბაბუაძის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე იურიდიული ცვლილებები არ განხორციელდება.

„დაველოდებით იურისტის გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს კაცი ზის, უჭირავს ტელეფონი, ურეკავს ყველას. საუბარია ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბაბუაძეზე, რომელიც აშინებს ხალხს. ეუბნება, რომ თუ არ გამოხვალ ჩვენთან შეჯიბრზე და არ გააგრძელებ თანამშრომლობას, შეგიჩერდება ხელფასი და ყველანაირი წევრობა. უნდა, უკან დაიბრუნოს ეს ხალხი, მაგრამ ეს არასოდეს მოხდება“, – განაცხადა მწვრთნელმა, შოთა გოჩიაშვილმა.

ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სპორტსმენთა პრობლემების მოგვარებას კომპეტენციის ფარგლებში შეეცდება.

„შევთანხმდით იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაშიც ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ და ვითამაშოთ შუამავლის როლი. ეს არის ფედერაციაში გაწევრიანებისა და სხვადასხვა კომიტეტში დაკომპლექტების საკითხი. ფედერაციის პრეზიდენტის მოხსნისა და დანიშვნის საკითხს სამინისტრო ვერ განიხილავს“, – განაცხადა ირაკლი დოლაბერიძემ.