სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ იდოიძისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული ზურაბ იდოიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სხდომა იწყება.
პროკურატურა იდოიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატი კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.
იდოიძე დუმილის უფლებას ინარჩუნებს და არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. სუს-ის ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმარა.
„მოვითხოვ, რომ ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს. იდოიძე იყენებს დუმილის უფლებას და არ ცნობს თავს დამნაშავედ”,- განაცხადა ადვოკატმა დავით მოდებაძემ.
ზურაბ იდოიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც გულისხმობს ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას და სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.