სასამართლო გატაცების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
სასამართლო გატაცების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

სასამართლო ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებული 10 პირიდან სამს პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ ოთარ გელაძე, ნიკა ქავთარაძე და მარინა ესაძე გაათავისუფლეს.

ადვოკატების თქმით, სამივე მათგანი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

როგორც პირველ არხს ერთ-ერთი ბრალდებულის თ.კ.-ს ადვოკატმა ალექსანდრე ამირხანაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ალექსანდრე ამირხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ასევე გატაცებული ყოფილიყო და მომხდარში ის უბრალოდ მსხვერპლია. ადვოკატი ამ ვერსიის სხვა დეტალებზე არ საუბრობს. მისი ინფორმაციით, თ.კ. წყალტუბოში დააკავეს.

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი 18 ოქტომბერს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა და ოჯახში უვნებლად დააბრუნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

არსებული ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.