ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების საქმეზე, რომელზეც ათკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, პირველი არხისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

წყაროს ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.

მამაკაცი ამავე ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია.

დაკავებულებს შორის არის ქალბატონის შვილი ნ.ქ, რომელიც ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ის ამბობს, რომ დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია და დედისა და მამინაცვლის გეგმებზე ინფორმაცია არ გააჩნდა.

ადვოკატის, ინგა შარაშენიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გატაცების მომენტში დანაშაულის ადგილზე არ იმყოფებოდა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ის დააკავეს ნაცნობობიდან გამომდინარე. ახლა თავად გამოძიებაც ადგენს დეტალებს, გარემოებებს. ის უდანაშაულოა და ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია”, – აცხადებს ადვოკატი.

ინგა შარაშენიძე გატაცების საქმეში საერთო ჯამში ორი პირის უფლებებს იცავს, ადვოკატის თქმით, ორივე გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

„ორივეს შევხვდი, ორივეს ვესაუბრე, ისინი უდანაშაულოები არიან. მართალია, მათ რიგებში აღმოჩნდნენ, მაგრამ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ არც გატაცებასთან, არც გამოძალვასთან და შესაბამისად, არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ ნაცნობობა არსებობს რამდენიმე პირს შორის. ისინი გამოძიებას ჩვენებას მისცემენ”, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალს დაკავებულებს სავარაუდოდ დღის ბოლომდე წაუყენებენ.

პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული ქალბატონი გუშინ შეუძლოდ გახდა და ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით ათკაციანი ჯგუფი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა.