სპეცოპერაციისას დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ახმედ ჩატაევს არ იცნობდა
ტერორიზმის დაფინანსებისა და მხარდაჭერისთვის სპეცოპერაციისას დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ახმედ ჩატაევს არ იცნობდა.
ადვოკატმა განმარტა, რომ ომალოს მკვიდრი გაკვირვებულია მისი დაკავებით და აღნიშნავს, რომ ჩატაევთან კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც სხვა დაკავებულებთან დაკავშირებით აქვს ინფორმაცია.
„მან საერთოდ არ იცის, კონკრეტულად რაში ედება ბრალი. რაიმე დოკუმენტი ჯერ არ გადაუციათ. ჯერ ოფიციალურად ბრალიც არ წარუდგენიათ. ვიცით ის, რასაც მასმედიის საშუალებით ვისმენთ. თავადაც აინტერესებს, თუ რატომ დააკავეს. მე, რა თქმა უნდა, ვუთხარი ის, რაც ცნობილია და ამაზე გაოცებული სახით მიყურებდა. ახმედ ჩატაევს არ ვიცნობო და შეხება არ მაქვს. ვერ დავეხმარებოდი, რადგან მასთან კომუნიკაცია არ გამაჩნდაო. თავად მკითხა, ვინ იყო კიდევ დაკავებული. თავად არ იცოდა ამასთან დაკავშირებით არაფერი. ის ომალოში ცხოვრობს, ოთხი შვილის მამაა. ეწევა სოფლის მეურნეობას, ჰყავს დიდი სატვირთო მანქანა. მთელი სოფელი იცნობს და იცის, რომ იქიდან არსად გასულა. არის მეოჯახე კაცი და თავადაც გაკვირვებულია ამ დაკავებით“, – განაცხადა დალი ბარბაქაძემ.
ტერორიზმის დაფინანსებისა და მხარდაჭერისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს
წაუყენებენ.
სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, გუშინ ხუთი პირი დააკავა.