სპეციალისტები საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ, წითელას ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ
საქართველოში წითელას ეპიდემია ამ ეტაპზე არ არის, თუმცა ქვეყნის მასშტაბით, წითელას 136 შემთხვევაა გამოვლენილი, რის გამოც, სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
პირველ არხთან წითელას შემთხვევებსა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსმა ლიკა ჯაბიძემ ისაუბრა.
ჯაბიძის ცნობით, გასული კვირის მონაცემებით, საქართველოში წითელას 136 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 101 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.
ჯაბიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ხულოში, ქედასა და შუახევში, ხოლო რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და თბილისში (15 შემთხვევა).
„ვინაიდან, ყველაზე მეტად აჭარის რეგიონია დაზარალებული, საბავშვო-ბაღებში პერსონალის ვაქცინაცია ტარდება. მიმართვიანობა ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ ამ თვალსაზრისით, ორგანიზებულ კოლექტივებში უფრო უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ისე, რომ რიგითი ადამიანი ვაქცინაზე მივიდეს. ზოგადად, ეპიდემია ჯერ არ არის, მაგრამ წითელა საკმაოდ გადამდები ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ზედა ასაკში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და პრევენციის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა, რადგან სხვა დაცვითი საშუალება არ არსებობს. წითელას ასაკობრივი გამოვლინებაა 0-1 წლიდან 30 წლიდან ზემოთაა. წლამდე ასაკის ბავშვებში 28 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 30 წლის ზემოთ – 26. აცრა ორ ასაკობრივ ჯგუფში – 12 თვესა და ხუთი წლის ასაკში ტარდება. ისეთი ვაქცინა გამოიყენება, რომელიც წითელას გარდა, კიდევ ორი დაავადებისგან – წითურასგან და ყბაყურასაგან გიცავს. ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურია, რადგან იმ შემთხვევაში, როცა პირველი აცრა არის გაკეთებული, დაცულობითი უნარი 95 პროცენტია, ხოლო მეორე დოზაზე – 99 პროცენტი“, – აცხადებს ჯაბიძე.
ჯაბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რატომ უნდა აიცრას მოსახლეობა.
„უნდა ავიცრათ, რათა იმუნიტეტი თავად გამოვიმუშაოთ და ორგანიზმში დამცველობითი ანტისხეულები გვქონდეს, რათა წითელათი არ დავიფინცირდეთ. რაც უფრო მეტი ადამიანია აცრილი, საზოგადოებაში იმუნური ფენა მით უფრო მაღალია. აცრა უფასოა. მოსახლეობას იმდენი თვითშეგნება უნდა ჰქონდეს, რომ მივიდეს და აცრა ჩაიტაროს. ყველა ვაქცინას თავისი ჯგუფი აქვს, რომელიც არ შეიძლება აცრილი იყოს. ერთ-ერთი ასეთია ორსული ადამიანი, რომლისთვის აცრა რეკომენდირებული არ არის. ორსულების დაცვა რომ მოხდეს, მოსახლეობაში მაღალი იმუნური ფენა უნდა იყოს, რომ ისინი არ დაინფიცირდნენ. ვისაც აცრა არ აქვს ჩატარებული, უნდა მივიდეს და აიცრას. ვინაიდან, წითელა ძალიან გადამდები დაავადებაა და თავშეყრის ადგილებში დიდი რისკია იმის, რომ დაავადება გავრცელდეს. ამიტომ კარგია, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების აცრის სტატუსი გადაამოწმონ. ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სისტემასა და ადგილობრივ თვითმმართველობას რეკომენდაცია მისცა, რომ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელონ“, – აღნიშნავს ჯაბიძე.
ჯაბიძე იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც, საქართველოში 26 წელს ზემოთ ადამიანები აცრილები არ არიან.
„საქართველოში შემთხვევების მატებას რამდენიმე წინა პირობა ჰქონდა. მოსახლეობის ის ჯგუფია დაზარალებული, რომელსაც აცრა არ აქვს გაკეთებული. წითელას შემთხვევები 26 წლის ზემოთ დაფიქსირდა და ეს ის თაობაა, რომელიც 90-იან წლებშია დაბადებული. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჯანდაცვის სისტემას იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ვაქცინაცია ეწარმოებინა. ვინც ახლანდელი დედები და მამები არიან, აცრა სწორედ მათ არ აქვთ ჩატარებული. წითელას შემთხვევები მაღალია წლამდე ასაკის ბავშვებში, რაც ჩვეულებრივ სიტუაციაში, ნორმალური არ არის. მაშინ, როცა მშობლებს აცრები აქვთ ჩატარებული ან წითელა აქვთ გადატანილი, მათ უკვე ანტისხეულები აქვთ, რომელიც შვილებს გადაეცემათ. წლამდე აცრის ჩატარება რეკომენდებული არ არის, მინიმალური ასაკი 9 თვეა, ჩვენ აცრას 12 თვიდან ვიწყებთ. ანუ, მშობლებსაც შესაბამისი იმუნური სტატუსი არ აქვთ, ის ბავშვები დაიცვან, ვისი აცრაც არ შეიძლება“, – დასძინა ჯაბიძემ.