SpaceX-მა სტარშიფი პირველად დასვა წარმატებით, მაგრამ რამდენიმე წუთში რაკეტა მაინც აფეთქდა — #1tvმეცნიერება
12:05, 04.03.2021
SpaceX-მა საკუთარი ხომალდის, SN10 სტარშიფის პროტოტიპი წარმატებით დასვა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, ის მაინც აფეთქდა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აფეთქებისა, SpaceX-მა სტარშიფის პროტოტიპი პირველად დასვა წარმატებით.
რაკეტა დედამიწაზე მას შემდეგ დაჯდა, რაც 10 კმ სიმაღლეზე ავიდა და უკან ულამაზესად დაეშვა. სპეციალურ პლატფორმაზე პროტოტიპი ვერტიკალურად დაეშვა, მაგრამ ოდნავ გადახრილად, სავარაუდოდ, დამშვები ფეხების გარკვეული ხარვეზის გამო.
ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რა გახდა კატასტროფის მიზეზი, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პროტოტიპი საერთოდ დაჯდა, წარმოუდგენლად იმედისმომცემი ნიშანია. სტარშიფი ის რაკეტაა, რომელზეც SpaceX-ი მარსზე გამგზავრების იმედებს ამყარებს.
შეგიძლიათ, უყუროთ სრულ ვიდეოს:
სტარშიფის დაახლოებით 10 კმ სიმაღლეზე გაშვებისა და შემდეგ უკან დაჯდომის წინა მცდელობებიც დასაჯდომ პლატფორმაზე აფეთქებით დასრულდა. ამ ეტაპზე, პროტოტიპი სულ მცირე დაჯდომის პირველ ეტაპს გადაურჩა და შესაბამისად, ეს უკვე პროგრესია.
გაშვება პირველად 3 მარტის დილით იყო დაგეგმილი, SpaceX-ის ტეხასის პლატფორმიდან, მაგრამ გარკვეული ხარვეზის გამო, მცდელობა უკანასკნელ წუთში გაუქმდა.
That’s just showing off – the belly flop maneuver; so good it did it twice!
მართალია, წარმატებით სტარშიფის წინა პროტოტიპებიც არის გაშვებული, მაგრამ დაჯდომის მომენტში ყველა მათგანი აფეთქდა. ამჯერად, მასკის შეფასებით, რომ სტარშიფის პროტოტიპს დაჯდომისას გადარჩენის 60-პროცენტიანი შანსი ჰქონდა.
კოსმოსურ მოგზაურობათა ხარჯების დრამატულად შესამცირებლად, SpaceX-ს სურს, რომ რაკეტები მრავალჯერადი გამოყენების იყოს, „ფალკონ 9-ის“ მსგავსად, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებით ააქვს ტვირთი, აჰყავს და ჩამოჰყავს ასტრონავტები.