ილონ მასკის განცხადებით, მარსზე ცხოვრება სახიფათო, შეზღუდული და შრომატევადი იქნება — #1tvმეცნიერება
ილონ მასკის განცხადებით, მარსზე ცხოვრება სახიფათო, შეზღუდული და შრომატევადი იქნება — #1tvმეცნიერება

SpaceX-ის ხელმძღვანელი, ილონ მასკი მარსის კოლონიზაციის სირთულეზე ალაპარაკდა.

„უმნიშვნელოვანესია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მარსი, განსაკუთრებით დასაწყისში, ფუფუნების მოყვარულთათვის მისაღები ადგილი არ იქნება. ის სახიფათო, შეზღუდული, რთული და მძიმე მუშაობის ადგილი იქნება“, — ამბობს მასკი TED-ის ხელმძღვანელ კრის ანდერსონთან ინტერვიუში.

მილიარდერი მარსზე ცხოვრების მოთხოვნებს 1900-იან წლებში მკვლევარ ერნესტ შეკლტონთან ერთად ანტარქტიკის ექსპედიციაში წასვლის მსურველთა მოსაძებნად განკუთვნილ რეკლამას ადარებს. შემდეგში გაირკვა, რომ ეს რეკლამა არც სინამდვილეში მითია, მაგრამ შეერთებისკენ მოუწოდებდა მამაკაცებს, რომლებსაც სახიფათო მოგზაურობაში წასვლა სურდათ, საიდან უკან უსაფრთხოდ დაბრუნებაც „საეჭვო“ იქნებოდა.

„მარსზე წასვლა სახიფათო და შეზღუდულია. შეიძლება უკან ვერც დაბრუნდეთ. რთულია, შრომატევადი“, — ამბობს მასკი.

მარსზე ცხოვრება, პლანეტაზე, რომლის საშუალო ტემპერატურაც -62,22 °C-ია, გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ანტარქტიდაზე, რეგიონში, რომელზეც საშუალო ტემპერატურა -56,67 °C-ია.

მარსის კლდოვანი, ქვაღორღიანი ზედაპირი კანიონებით არის დაფარული. გარდა ამისა, ამ პლანეტაზე გრავიტაცია დედამიწის გრავიტაციის დაახლოებით მესამედია. თხელია ატმოსფეროც, რომელიც ადამიანებს სუნთქვისთვის არ გამოგვადგება. სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, წითელი პლანეტის დაბალი ატმოსფერული წნევის გამო, ადამიანი იქ რამდენიმე წუთში მოკვდება.

ილონ მასკს მარსზე სრულმასშტაბიანი ქალაქის გაშენება სურს. 2019 წელს მილიარდერი ვარაუდობდა, რომ თვითკმარი ქალაქის ასაშენებლად მილიონი ტონა ტვირთის წაღება იქნება საჭირო და მისივე შეფასებით, ეს პროცესი 100 მილიარდიდან 10 ტრილიონ დოლარამდე დაჯდება.

როგორც მილიარდერმა ანდერსონს უთხრა, იმედოვნებს, რომ ადამიანები, ვინც მარსის კოლონიზაციას მოახდენენ, გამოიყენებენ „შეცვლილი საზოგადოების“ შესაძლებლობას.

„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია კაცობრიობის ან ცნობიერების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად“, — ამბობს მასკი.

მისივე განცხადებით, ადამიანის ცივილიზაცია შეიძლება დაასრულოს რაიმე გარე მიზეზმა, მაგალითად გიგანტურმა მეტეორმა, სუპერვულკანმა, კლიმატის ექსტრემალურმა ცვლილებამ, მესამე მსოფლიო ომმა ან სხვა რაიმე მიზეზმა სხვა მრავალთაგან.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ანდერსონს უთხრა, რომ SpaceX-ი მარსის მისიის ბილეთის ფასს დაახლოებით 100 000 აშშ დოლარით განსაზღვრავს.

მასკის კომპანია SpaceX-ი მარსზე თვითკმარი ქალაქის აშენებას უახლოეს ათწლეულებში გეგმავს. თუმცა, მასკი იმასაც აღნიშნავს, რომ ის უკვე დიდი ხნის მკვდარი იქნება, როდესაც მისი ოცნება ფრთებს შეისხამს.

2020 წელს მასკი იმედოვნებდა, რომ 10 წელიწადში 1000 Starship-ის რაკეტის აშენება მოხერხდება და 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნა იქნება შესაძლებელი. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი ადამიანი მარსზე შეიძლება 2029 წელს ჩავიდეს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.