სოზარ სუბარმა გორში შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა
რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა გორში შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა.
სოზარ სუბარის თქმით, ახალი გუბერნატორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის წინაშე.
„დეპუტატი, გუბერნატორი, გამგებელი, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი – ყველა ერთად უნდა ვიყოთ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაში. ამ მიზანს ემსახურებოდა რეგიონული მმართველობის სამსახურის შექმნაც. ახალი გუბერნატორებისთვის მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე, დამაკავშირებელი ხიდების როლის შესრულება ერთის მხრივ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ხალხს შორის და მეორეს მხრივ, თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. მესამე კი, დამაკავშირებელი ფუნქციის შესრულება თვითმმართველობებს შორის. განვითარება უნდა ხდებოდეს რეგიონულ კონტექსტში, რათა ყველა რგოლი თანაბრად განვითარდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განვითარება არ იყოს ასიმეტრიული” ,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ახალი გუბერნატორის თქმით, მისი მთავარი საზრუნავი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დევნილი მოსახლეობის გვერდით დგომა იქნება.
„კარგად ვიცნობ რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს და გამოწვევებს. ჩვენი გუნდი გაატარებს ისეთ რეფორმებს, გადადგამს ისეთ გონივრულ ნაბიჯებს, რომ რეგიონი იყოს გამორჩეული. პრიორიტეტები იქნება ტურიზმზე ზრუნვა, ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლება, სპორტი, კულტურა. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება დევნილი მოსახლეობის გვერდით ღირსეული დგომა და ჩვენ ამას წარმატებით შევასრულებთ მოსახლეობის ჩართულობით”,-განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
წარდგენას ესწრებოდნენ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები.