გიორგი ხოჯევანიშვილი - მმართველი გუნდისთვის ჩვენი შენიშვნები მისაღები არ არის, შეიძლება, ფასადური ცვლილებები განხორციელდეს და 12-პუნქტიანი რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იყოს
გიორგი ხოჯევანიშვილი - მმართველი გუნდისთვის ჩვენი შენიშვნები მისაღები არ არის, შეიძლება, ფასადური ცვლილებები განხორციელდეს და 12-პუნქტიანი რეკომენდაციები გათვალისწინებული არ იყოს

საბოლოო ჯამში, შეიძლება, მივიღოთ, რომ ფასადური ცვლილებები განხორციელდეს და 12-პუნქტიანი რეკომენდაციები რასაც ითვალისწინებს, გათვალისწინებული არ იყოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენი შენიშვნები წარმოვადგინეთ და იკვეთება, რომ მმართველი გუნდისთვის მისაღები არ არის. საბოლოო ჯამში, შეიძლება, ის მივიღოთ, რომ ფასადური ცვლილებები განხორციელდეს და 12-პუნქტიანი რეკომენდაციები რასაც ითვალისწინებს, გათვალისწინებული არ იყოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორიცაა კომისიის წევრების დანიშვნა, უფასო საეთერო დროის ქონა“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის საკითხები.

„ჩვენი პოზიციაა, რომ ელექტრონული სისტემა დაინერგოს არა საპილოტე უბნებზე და ქვეყნის შიგნით, არამედ უნდა იყოს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ბევრი ადამიანია გასული და სახელმწიფომ მათი არჩევნებში მონაწილეობის მიღება უნდა უზრუნველყოს. ამ საკითხების ირგვლივ ჯერ ბუნდოვანებაა და გარკვეული არ არის, თუ რა პოზიცია იქნება და რა სახის კანონპროექტს წარადგენს კენჭისყრაზე მმართველი გუნდი“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.