სოზარ სუბარი - სამი სავარაუდო პასუხი არსებობს, რატომ გაყიდეს სააკაშვილის დროს ობიექტები - რუსეთის აგენტია, ქრთამი აიღო და იდიოტია, პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია
სოზარ სუბარი - სამი სავარაუდო პასუხი არსებობს, რატომ გაყიდეს სააკაშვილის დროს ობიექტები - რუსეთის აგენტია, ქრთამი აიღო და იდიოტია, პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია

სამი სავარაუდო პასუხი არსებობს, რატომ გაყიდეს სააკაშვილის დროს ობიექტები – რუსეთის აგენტია, ქრთამი აიღო და იდიოტია, პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროპაზე ლაპარაკობს პარტია, რომელიც იტაცებდა ადამიანებს და ხვრეტდნენ.

„ვლაპარაკობთ ევროპაზე და დღეს მთელი დღე ისმოდა ზიზღი, ბოღმა, ყვირილი და მოსმენის ჩაშლის მცდელობა. მართლა რომელ ევროპაზე ვლაპარაკობთ. ძალიან მაინტერესებდა, რომელი ევროპისკენ მივდიოდით. პარტია, რომელიც ჩვეულებრივად იტაცებდა ადამიანებს, გაჰყავდათ ზღვაში, ხვრეტდნენ და როდესაც ის ადამიანი დღეს ციხეში ზის, გმირიაო, გვეუბნებიან.

რეზოლუციაზე მამუკამ წაიკითხა და კიდევ მინდა, წავიკითხო რამდენიმე წინადადებით, რადგან ეს არის ღალატის ანატომია, სამშობლოს ღალატი რასაც ჰქვია.„2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“, დააბრალეს ქვეყანას ომის დაწყება ხომ? შემდეგ – „საქართველომ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები, რომ კონფლიქტები გადაწყვიტონ მშვიდობიანი საშუალებებით“. გაიპარა ახლა აკო მინაშვილი, რომელმაც ამ ყველაფერზე მოაწერა ხელი. ამითაც არ დაამთავრეს შემდეგ და მეთერთმეტე პუნქტში წერია, რომ „ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომელიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახი ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება და დაჭრა“. ეს დააბრალეს საქართველოს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები თურმე გაუფრთხილებლად დაგვიხოცავს. ამას რა ჰქვია, თუ არა ღალატი. შემდეგ, როცა მოითხოვა აქვე, რომ ომის დანაშაულები იქნას გამოძიებული და როცა ამას ვკითხულობთ, ძალიან კარგად ვხვდები, რატომ აპროტესტებდა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ჰააგაში ჩვენი იუსტიციის სამინისტროდან წარვადგენდით მტკიცებულებებს, ამისი (რეზოლუციის) ეშინია, რადგან ორლესული მახვილია. იქ, სადაც რუსეთის დანაშაული გამოვლინდება იმის საფუძველზე, რასაც აკო მინაშვილმა მოაწერა ხელი, ჩემი დანაშაულიც არ გამომჟღავვნდესო, ეშინია სააკაშვილს. ზუსტად ამიტომ იყო, რომ ამბობდა, ქართველი ჯარისკაცების დასჯა გვინდაო.

დაისვა წეღან კითხვა, რა გაყიდა საქართველომ, რომელ ობიექტებზე ლაპარაკობთო და ჩამოგითვლით: „ჟინვალჰესი“, რუსული კომპანია „რაოესი“, რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“, „რიონჰესი“,  „გუმათჰესი“, „გუმათი 2“, „ლაჯანურჰესი“, „შაორჰესი“, ვარციხე 1, ვარციხე 2, ვარციხე 3, ვარციხე 4, ხრამი 1, ხრამი 2 და დიდი ჩამოანათვალია. მარტო ხრამები სულ მცირე ნახევარი მილიარდი დოლარი დაჯდება, რომ ააშენო. ასი ათას დოლარად მიყიდეს, იმ ფასად, რასაც ერთ წელიწადში ამოიღებდა ის კომპანია. რატომ გააკეთა ეს, რატომ მიჰყიდა ამ ფასად, სამი სავარაუდო პასუხი არსებობს და პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია. პირველი, არის აგენტი რუსეთის და შეასრულა დავალება, რაც მისცეს, ქრთამი აიღო და მესამე, იდიოტია. რომელი პასუხია, თქვენ თვითონ გაეცით ამას პასუხი, რადგან არც ერთი არ არის გამართლება. 30-ზე მეტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებია.

სასამრთლო სისტემაზე ვლაპარაკობდით, იყო წლები, როდესაც ერთი გამამართლებელი განაჩენი იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 20 000 სისხლის სამართლის საქმიდან. საბჭოთა ტროიკაში უფრო მეტი შანსი იყო, რომ გამამართლებელი განაჩენი მოგეპოვებინა, ვიდრე სააკაშვილის სასამართლოში. წელიწადში 700-800 საქმე მიდიოდა სტრასბურგში. 60 საქმე წავიდა შარშან სტრასბურგში. არ არის განსხვავება? 95 საქმეზე არის დამდგარი სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც ითქვა, რომ საქართველომ სააკაშვილის პერიოდში აწამა ადამიანები ციხეებში. არც ერთი საქმე არ არის წასული სტრასბურგში ღირსების შემლახავი მოპყრობითა და წამების მუხლით, არათუ არ გამტყუნებულა სახელმწიფო, არც ერთი საქმე არ არის წასული. უკაცრავად, ერთი საქმეა წასული, სააკაშვილმა გააგზავნა და ორ თვეში გადმოაგდეს უკან ეს საქმე, რადგან უთხრეს, არაფერი დარღვევა არ არისო. ესაა განსხვავება თქვენსა და ჩვენს სასამართლოს შორის. როდესაც ევროპაზე ვლაპარაკობთ, სამართლიანი სასამართლო არის ყველაზე მთავარი, რაც ევროპას ახასიათებს. ამის ყველაზე კარგი მახასიათებელია სწორედ ის, რამდენი საქმე მიდის სტრასბურგში. გამამარლებელი განაჩენების რაოდენობა წელიწადში ერთი, სამი, ხუთი რომ იყო, ასულია 500-ზე და 700-ზე წლის განმავლობაში, თუმცა სისხლის სამართლის საქმეები იგივეა “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.