სოზარ სუბარი - გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის პოლარიზაციის სათავე საქართველოში, იმედი მაქვს, დღესაც ამ აზრზეა და თავის თავს არ ეწინააღმდეგება
სოზარ სუბარი - გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის პოლარიზაციის სათავე საქართველოში, იმედი მაქვს, დღესაც ამ აზრზეა და თავის თავს არ ეწინააღმდეგება

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის,  ვინ არის პოლარიზაციის სათავე საქართველოში.

„გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის, საქართველოში ვინ არის პოლარიზაციის სათავე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ეს რომ ძალიან კარგად იცის, გამოჩნდა სიტყვებში, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, როცა დესტრუქციულ ოპოზიციას მიმართა – მე თქვენ ქუჩაში დაგტოვებთ, თქვენი ადგილი ქუჩაში არისო. იმედი მაქვს, დღესაც ამ აზრზეა და თავის თავს არ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სოზარ სუბარმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურებაა, რომ ძლიერი გუნდი შექმნა.

რაც შეეხება მის გეგმებს, ჯერ პარტია ჩამოაყალიბოს, შეფასებას შემდეგ გავაკეთებ. ფაქტია, „ქართული ოცნება” იმ გზას აგრძელებს, რაც ჰქონდა. „ქართული ოცნებიდან” ნებისმიერი ადამიანის წასვლა არ გვიხარია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მთავარი დამსახურება ისაა, რომ ძლიერი გუნდი შექმნა ბევრი ლიდერით. არიან ადამიანები, ვინც იმ ხაზს და გზას აგრძელებენ, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ” ჩამოაყალიბა და დღემდე მივყვებით. ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხისა და იმ საქმეების იმედი, რასაც ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ქართულმა ოპოზიციამ საშუალება არ მოგვცა, მშვიდ გარემოში გვეცხოვრა, მყარი, გარანტირებული მხარდაჭერა გვაქვს. „ქართული ოცნება” ყოველგვარი ძალადობის, მოსყიდვისა და გაყალბების გარეშე ყველა არჩევნებზე იმარჯვებს.

კითხვაზე, რამდენად წარმოგიდგენიათ გახარია ოპოზიცინიონერად, სუბარმა განაცხადა, რომ ამაზე ჯერ ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, უმრავლესობის არსებობა საფრთხის ქვეშ არ დგას.

„ვნახოთ, ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო, შექმნას პარტია და შემდეგ ვისაუბროთ. უმრავლესობის არსებობა საფრთხის ქვეშ არ დგას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, გიორგი გახარიამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მუშაობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება.