დავით ზილფიმიანი - ალბათ იქნება ძალიან დიდი მესამე ბირთვი, რასაც მოსახლეობა ელოდება
დავით ზილფიმიანი - ალბათ იქნება ძალიან დიდი მესამე ბირთვი, რასაც მოსახლეობა ელოდება

ერთი და იგივე რამ შეიძლება ორი სხვადასხვა სამრეკლოდან სულ სხვადასხვანაირად ჩანდეს. მაგალითად, გამიკვირდა, მაგრამ მენიშნა ის, რომ ლოგიკურად „ქართული ოცნება“ წავა ე.წ. ახალი ფორმაციების ჩამოყალიბების გზით, ეს დავინახე, – „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ასეთ სიტუაციაში, როგორშიც ის იმყოფებოდა, ძალიან ძნელია, რომ რაღაც ზეგავლენების ორბიტიდან გამოხვიდე. ზუსტად იგივეა მე რასაც ვამბობ, რომ ჩრდილოვანი მმართველობაა დღეს დესტრუქციულ ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოსვლა სააკაშვილის ზეგავლენისგან ძალიან ძნელია. ჩვენ, ყველანი ვართ რაღაც ფორმით ჩვენს წარსულზე მიბმული, ამიტომ სწორედ ეს წარსულია, რომელმაც შეიძლება გააჩინოს კითხვის ნიშნები. შესაძლოა გახარიას კიდეც გაუჭირდეს“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

კითხვაზე, ხომ არ იქნება გახარია „ქართული ოცნების” კონკურენტი, ზილფიმიანმა განაცხადა:

„კონკურენტი კი არ იქნება, ამ განცხადების შემდეგ, მომავალ არჩევნებს მე ვხედავ ხელისუფლებაში ჯგუფურად მოსვლას. ალბათ იქნება ძალიან დიდი მესამე ბირთვი, რასაც მოსახლეობა ელოდება. ის ნაწილი, რასაც ჰქვია „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ეგ ბირთვი ერთმანეთს ვერასოდეს ვერ დაშორდება და ყოველთვის ერთად იქნებიან. ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მესამე ბირთვი რაღაცნაირად გავზარდოთ და შევქმნათ. ტენდენცია აქეთ მიდის, რომ აღარ იყოს ერთი მეორის სიკარგით ან სიცუდით მოსვლა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც – არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, გიორგი გახარიამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მუშაობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება.