სოზარ სუბარი - დავით გარეჯის საქმეში გამოძიება სავარაუდოდ უკვე გავიდა უშუალოდ პოლიტიკის შემქმნელებზე და მათ კვალზე გასვლაში გარკვეული როლი მიუძღვით დღეს გათავისუფლებულებს
სოზარ სუბარი - დავით გარეჯის საქმეში გამოძიება სავარაუდოდ უკვე გავიდა უშუალოდ პოლიტიკის შემქმნელებზე და მათ კვალზე გასვლაში გარკვეული როლი მიუძღვით დღეს გათავისუფლებულებს

დავით გარეჯის საქმეში გამოძიება სავარაუდოდ უკვე გავიდა იმ ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკის შემქმნელები იყვნენ და მათ კვალზე გასვლაში გარკვეული როლი მიუძღვით დღეს გათავისუფლებულებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე განაცხადა.

სუბარის თქმით, გამოძიებამ უნდა უპასუხოს კითხვებს, 2006-2012 წლებში მაშინდელმა თანამდებობის პირებმა რატომ გახადეს საქართველოს კუთვნილი ტერიტორია სადაო.

„ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ დავით გარეჯის ის ორი მონასტერი, დღეს, რომ სადაო გახდა, უდაბნო და ჩიჩხიტური, იყო საქართველოს ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც ბერთუბანი იყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რატომღაც, ეს ეჭვის ქვეშ დადგა 2006 წელს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ხოლო 2012 წელს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაშინ როცა ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. მათ გადმოსწიეს ქართველი მესაზღვრეები სიღრმეში და ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე არ იყო საკამათო, დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. დღეს გაჩნდა შანსი, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ეს ვითარება შეიცვალოს მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გზით, ერთობლივი კომისიის ფარგლებში. თუმცა ცხადია, დარჩა კითხვა, რა მოხდა 2006 წელს? რა მოხდა 2012 წელს? რატომ დავტოვეთ საზღვარი და რატომ აცხადებდნენ ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები, რომ ეს აღარ არის საქართველოს ტერიტორია და თითქოს, ეს საბჭოთა პერიოდში ეკუთვნოდა აზერბაიჯანს, რაც იყო ტყუილი.

გამოძიება წავიდა საკმაოდ შორს და როგორც ამ დღეებში გავიგეთ, სავარაუდოდ უკვე გავიდნენ იმ ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკის შემქმნელები იყვნენ და ამ კვალზე გაყვანაში გარკვეული როლი მიუძღვით დღეს გათავისუფლებულებს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება დასრულებულია და ბრალდებულები მტკიცებულებების გაყალბებას ვეღარ შეძლებენ, მათი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა აღარ იყო.

„რადგან გამოძიების ეტაპი დასრულებულია, რადგან პროკურატურა ამბობს, რომ მათ აქვთ ყველა მტკიცებულება, რომ რეალურმა დამნაშავეებმა პასუხი აგონ და რადგან სასამართლოს არსებითი განხილვა დაწყებულია, პროკურატურამ ჩათვალა, რომ აღარ აქვს აზრი ამ ორი ადამიანის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას.

ზოგადად წინასწარი პატიმრობა დამოკიდებულია არა იმდენად დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ რა გავლენა შეუძლია მოახდინოს განსასჯელს მტკიცებულებების გაყალბებაზე, გაქრობაზე, თუ უამრავ სხვა რამეზე“, – განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სუბარმა პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგია.

„როდესაც ელისაშვილი ან ნებისმიერი სხვა ახსენებს ტერმინის „პოლიტიკურ პატიმარს, ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. ამას არანაირი საერთო არ აქვს პოლიტიკასთან სუფთა წყლის სამართლის საქმეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.