სოზარ სუბარი - ჭუბერში ამ დროისთვის რთული ვითარებაა, ისევ წვიმს და საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი
ჭუბერში ამ დროისთვის რთული ვითარებაა, რადგან პრაქტიკულად, ერთადერთ ხიდამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია და ახლა ვეძებთ, საიდან შეიძლება გაკეთდეს ალტერნატიული გზა, – ამის შესახებ 1Tv.ge-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისი თქმით, მდინარე ნენსკრა ძლიერი წვიმის შედეგად ისევ ადიდდა. ამ დროისთვის ჭუბერის მოსახლეობის სამი მეოთხედი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია დანარჩენ სოფელს.
„დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და სტიქიის ზონაში ახლაც მუშაობენ. კერძოდ, გაწმენდითი სამუშაოები უშუალოდ მდინარეში მიმდინარეობს და ამ წუთებში ნაშალი მასალისგან იწმინდება ნენსკრას კალაპოტი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ჭუბერში ვითარებას ისიც ართულებს, რომ წვიმას არ გადაუღია და საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის მოხსნილი.
„სანამ მდინარე ნენსკრაში წყლის მაღალი დონე შენარჩუნებულია, გადაჭრით რაიმეს თქმა და საფრთხეების გამორიცხვა შეუძლებელია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებას, როგორც მინისტრმა 1Tv.ge-ს განუცხადა, ის ოჯახები, რომელთაც საფრთხე ემუქრებოდათ, ხეობიდან უკვე გაიყვანეს. სოზარ სუბარის თქმით, დღეს არ ელოდებიან, რომ დანარჩენი მოსახლეობის ევაკუაციაც საჭირო გახდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.