ჭუბერში თავდაცვის სამინისტროს საპანელო ხიდის აწყობა მიმდინარეობს
ჭუბერში თავდაცვის სამინისტროს საპანელო ხიდის აწყობა მიმდინარეობს

ჭუბერში თავდაცვის სამინისტროს საპანელო ხიდის აწყობა დილიდან დაიწყო.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მიმდინარეობს კონსტრუქციების აგება. ამავდროულად, მდინარის ნაპირს სწავლობენ სპეციალისტები.

ხიდის კონსტრუქცია თავდაცვის სამინისტრომ გუშინ შეიტანა, ხიდის აწყობას დაახლოებით 3-4 დღე დასჭირდება.

საპანელო ხიდი საჭირო გახდა, რადგან მდინარე ნენსკრამ რამდენიმე ხიდთან ერთად ჭუბერის დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდი წაიღო. იმისთვის, რომ მდინარის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანონ სამშენებლო ტექნიკა, აუცილებელია სწორედ ასეთი ხიდის აგება. ამასთან, მიმდინარეობს ჭუბერის ძველი შემოვლით გზის აღდგენა.

წუხელ მდინარის დონემ რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატა, თუმცა არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მუშაობენ გზების აღდგენაზე. ასევე მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გამაგრება ყველაზე საშიშ ადგილებში.

საერთო ჯამში, სტიქიის ზონაში 30-ზე მეტი მძიმე სამშენებლო ტექნიკა მუშაობს.

ჭუბერის მოსახლეობას საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთებს ურიგებენ.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.