სოსო შატბერაშვილი - სჯობს, ბუნებრივი ბარიერი არ იყოს ერთჯერადი და შემდგომ წლებშიც ასე დარჩეს
სოსო შატბერაშვილი - სჯობს, ბუნებრივი ბარიერი არ იყოს ერთჯერადი და შემდგომ წლებშიც ასე დარჩეს

სჯობს, ბუნებრივი ბარიერი იყოს არა ერთჯერადი, არამედ შემდგომ წლებშიც ასე დარჩეს, – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„თუ ბუნებრივი ბარიერი ახლა, ამ არჩევნების დროს კარგია, შემდგომ წლებში რატომ უნდა მოიხსნას?! ან, ასეთ წინადადებას ვთავაზობთ – მოდით, დავაკვირდეთ; თუ ეს კარგი იქნება, დავტოვოთ, ხოლო თუ არ იქნება კარგი, შემდეგ დავაწესოთ ბარიერი“, – განაცხადა შატბერაშვილმა.

როგორც შატბერაშვილმა აღნიშნა, „მემარცხენე ალიანსს“ ბლოკებთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს.

„ბლოკები დაიშვება თუ არა, არ ვიცი. ჩვენი პარტია ამ შეხვედრას არ ესწრება და პროცესს გარედან ვუყურებთ, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, შიგნით რა ხდება. თუ ბლოკები იქნება, ბლოკებით მივიღებთ მონაწილეობას, არ იქნება და, მარტო მივიღებთ. ჩემი პარტიისთვის და სხვა პოლიტიკური თანამოაზრეებისთვის მთავარი ის არის, რომ ახლა ყველაზე მთავარი გადაწყვეტილების მიღება ხდება, რომ გაუქმდეს მანკიერი მაჟორიტარული სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკის სიმახინჯეს წარმოადგენდა“, – განაცხადა შატბერაშვილმა.

მისი თქმით, თუ ბლოკები იმისთვის არის საჭირო, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, ამას უბლოკო სისტემაც უზრუნველყოფს და შემდეგ, პარლამენტშიც შეიძლება ბლოკების შექმნა.

„იქ შეიძლება თემატური თანამშრომლობა. მაგალითად, 2002 წელს, თბილისის საკრებულოში, როცა საკრებულოს წევრი გახლდით, იქ იყვნენ ყოვლად ოდიოზური პარტიები; მაგალითად, ისეთი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ჩვენ ამ პარტიასთან თემატურად ვთანამშრომლობდით. როცა ჩვენი ინიციატივა შემოვიდა, რომ თბილისში უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარება ყოფილიყო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იყო, მხარი დაგვიჭირა და შეგვეძლო, არ გვეთანამშრომლა?! თუ მომავალ პარლამენტში ჩვენი პარტია მოხვდება, ალბათ, იქ რომელიმე ოდიოზური პარტიაც მოხვდება და მათთან თემატურად ვითანამშრომლებთ. ან, შეიძლება, რომელიმე მათგანთან ბლოკიც გავაკეთოთ“, – განაცხადა შატბერაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ბლოკებთან დაკავშირებით კონსენსუსის შესაძლებლობა, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ ორჯერ იქნა შეცვლილი 1995 წელს კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია, რომელიც ძალიან ჰგავდა შვეიცარიის კონსტიტუციას და ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი რომც იყოს, ეს არაფერს ნიშნავს.

„ბლოკების გაუქმების და 3%-იანი ბარიერის საკითხი ისეთი კუთხითაა შემოტანილი, რომ კონსენსუსი არ მოხდეს. ყველამ ვიცით, რომ როგორც ხელისუფლება, უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა იყო ეს, ბარიერი დავაწესოთო. პროცესს შორიდან ვუყურებ და როგორც ვიცი, „ევროპელი დემოკრატები“ თანახმა არიან, რომ უბარიერო იყოს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ბარიერი, რადგან არ უნდა, პარლამენტში ბევრი პარტია მოხვდეს და თვითონ უნდა, იქ ან მთავარი ოპოზიცია იყოს, როგორც თავის თავს უწოდებს, ან სახელისუფლებო პარტია“, – განაცხადა შატბერაშვილმა.

სოსო შატბერაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს „მემარცხენე ალიანსის“ კატეგორიული მოთხოვნა არ არის, მაგრამ ცუდს იმაში ვერაფერს ხედავს, რომ რამდენიმე მემარცხენე პარტიასთან გაერთიანდეს და პარლამენტში საერთო ფინანსებით შევიდეს.