სოსო შატბერაშვილი - დიდი შანსი იყო, ხელისუფლებას ნათქვამი განეხორციელებინა, რომ არა ოპოზიციური პარტიების სასტიკი, კატეგორიული და მიუღებელი შეცდომა
დიდი შანსი იყო, ხელისუფლებას თავისი ნათქვამი განეხორციელებინა, რომ არა სასტიკი, კატეგორიული და მიუღებელი შეცდომა ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც მკვლელების, ბანდიტებისა და ავანტიურისტების პარტიასთან გაერთიანდნენ, – ამის შესახებ პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, სოსო შატბერაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„მე, კახა ძაგანიამ და პაატა ჯიბლაძემ მათ არაერთხელ მოვუწოდეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინათ და ყველა დანარჩენი პარტია ცალკე გაერთიანებულიყო, როგორც ეს 2007 წელს მოხდა, მაგრამ მათ ეს ყურად არ იღეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდნენ და ამის გამო ქართველი ხალხის მხარდაჭერა დაკარგეს. ნახეთ, რა თქვა ხელისუფლებამ – გვლანძღავდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მონებს გვეძახდნენო, ჩვენ ეს გვეწყინა და ცვლილება არ მივიღეთო. იქ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ ყოფილიყო და დანარჩენი ოპოზიციის გაერთიანება ყოფილიყო, მას ხალხის დიდი მხარდაჭერა ექნებოდა და დიდი შანსი იყო, ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიეღო“, – განაცხადა შატბერაშვილმა.
მისი თქმით, პარტიები, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, კომპრომისზე უნდა წავიდნენ.
„არ გამოვიდა ეს პროპორციული არჩევნები? ძალიან ცუდი, მაგრამ რა ვქნათ ახლა, ზუკა ბერძენიშვილის სირცხვილის კორიდორებით მივიდეთ არჩევნებამდე?! პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. რაღაც ხელისუფლებამ უნდა დათმოს და რაღაც ოპოზიციამ. ჩვენი პარტია ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებს, თორემ მე მაგალითად, მხარს დავუჭერდი იგივე 135/15-ს და 100/50-საც, რომელსაც თავის დროზეც ვუჭერდი მხარს, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს წინადადება კატეგორიულად არ მიიღო“, – განაცხადა შატბერაშვილმა.
პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება საარჩევნო ყუთების საშუალებით და ეს საქართველოში ნორმა უნდა გახდეს.
„ხელისუფლებები არჩევნებით უნდა იცვლებოდეს. არავითარი აჯანყება, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება და არანაირი რევოლუცია. დესტრუქციული ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს რევოლუციის მოწყობას და ხალხის ქუჩაში გამოყვანას, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. თუ კიდევ ერთი რევოლუცია მოხდება, საქართველო კიდევ ხუთ-ექვს ნაწილად დაიშლება და თუ ეს გვინდა, მაშინ კი ბატონო, გავაკეთოთ“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.