სოსო გიორგაძე - სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხასა და გარდაბანში საბეჭდი ცენტრები არ აქვს, შესაბამისად, იქ ბიომეტრული დოკუმენტები არ იბეჭდება
სოსო გიორგაძე - სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხასა და გარდაბანში საბეჭდი ცენტრები არ აქვს, შესაბამისად, იქ ბიომეტრული დოკუმენტები არ იბეჭდება

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ჰყავს 1300-ზე მეტი თანამშრომელი და არ არსებობს დღე, როცა ჩვენი რომელიმე თანამშრომელი არ იმყოფებოდეს მივლინებაში, – ასე უპასუხა სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სოსო გიორგაძემ ჟურნალისტების კითხვას სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაზე, რომ წალენჯიხასა და გარდაბანში ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვისთვის ე.წ. სანდო ადამიანები მიავლინეს.

როგორც სოსო გიორგაძემ განაცხადა, სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხასა და გარდაბანში საბეჭდი ცენტრები არ აქვს, შესაბამისად, იქ ბიომეტრული დოკუმენტები არ იბეჭდება.

„ბრალდება, რომ ჩვენ საარჩევნოდ ყალბ პირადობებს ვბეჭდავთ თავისთავად არის ყალბი. ძალიან მინდა, რომ ადამიანები, ვინც დღეს ამაზე ძალიან ღიად საუბრობდნენ, ასევე ღიად მიაწოდებენ ფაქტებს და არგუმენტებს საგამოძიებო ორგანოებს, რომლებსაც აქვთ ვალდებულება გაარკვიონ სიმართლე”, – განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასახელებული პირები თუ ნამდვილად იმყოფებიან მივლინებაში, ეს ვერ იქნება საიდუმლო, რადგან თითოეული მივლინება შესაბამისი ბრძანებით ფორმდება.

„სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასახელებულ ადამიანებს გადავამოწმებ და მოგაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ყოველწლიურად ვაშენებთ საზოგადოებრივ ცენტრებს, როცა ასეთი ფაქტი ხდება რომელიმე ტერიტორიულ სამსახურში, ასეთ დროს იმ რაიონის თანამშრომლები, სადაც უნდა აშენდეს საზოგადოებრივი ცენტრი მიევლინებიან ხოლმე ისეთ რაიონებში, სადაც უკვე გვაქვს რაიონული ცენტრი ან იუსტიციის სახლი. თუ ეს კონკრეტული ტერიტორიული სამსახურის უფროსი არის წასული მივლინებაში, იქნება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ამაზე კონკრეტულად რომ გიპასუხოთ, დამჭირდება ბრძანებები და ამის ჩვენება არ არის პრობლემა. ჩვენი ტერიტორიული სამსახურის უფროსები მივლინებული გვყავს იმ შემთხვევაში დიდი დროით, როდესაც ისინი სწავლებას გადიან იუსტიციის სახლებში და საზოგადოებრივ ცენტრებში”, – განაცხადა გიორგაძემ.

კითხვაზე, წალენჯიხაში არსებობს თუ არა საბეჭდი მოწყობილობა, რომლითაც იბეჭდება ძველი ლამინირებული მოწმობები, სოსო გიორგაძე აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლამინირებული მოწმობები საერთოდ არ იბეჭდება.

„დღეს, 20 ნოემბერს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული არაბიომეტრული დოკუმენტების ბეჭდვის მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს. ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ იბეჭდება. ეს არის ცალსახა პასუხი”, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

ამასთან, სოსო გიორგაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სიების გაზრდა მარტივი პროცესი არ არის და ადამიანებს მარსიდან ვერავინ ჩამოიყვანს.

„საარჩევნო სია შედგება კონკრეტული რაოდენობის ადამიანებისგან და კერძოდ საქართველოს მოქალაქეებისგან, არ ვიცი ეს ადამიანები მარსიდამ უნდა ჩამოვიყვანოთ, თუ საიდან უნდა გავაჩინოთ. ბრალდებას სჭირდება ფაქტები, კონკრეტული ადამიანები და ციფრები”, – განაცხადა გიორგაძემ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წყარო აცხადებს, რომ პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება.

„წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე. წალენჯიხაში ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა. მივლინებაში ყოფნა არკადი ფიფიამ ჩვენს წარმომადგენლებს დაუდასტურა. მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ასევე, მივლინებაში იმყოფება ზურაბ ხვედელიძე, რომლის მოვალეობასაც გვანცა მენაფირე ასრულებს”, – აღნიშნულია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.