საქპატენტი და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა ბათუმში ერთობლივ ღონისძიებებს მართავენ
საქპატენტი და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა ბათუმში ერთობლივ ღონისძიებებს მართავენ

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, ბათუმში გაიხსნა რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. ინფორმაციას საქპატენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, CLDP-ის და საქპატენტის ერთობლივი ღონისძიება გახსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

„კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, ასევე CLDP-ის უფროსმა მრჩეველმა, სკიპ მარკმა. კონფერენციას ესწრებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ტრანსნაციონალური უკანონო ვაჭრობის ახალ ტენდენციებსა და ციფრული მეკობრეობის თავიდან აცილების თანამედროვე მეთოდებს. მონაწილეები ასევე იმსჯელებენ ციფრულ გარემოში საავტორო უფლებების აღსრულების საკითხებზე. ყურადღება გამახვილდება სასურსათო პროდუქტების კონტრაფაქციის საფრთხეებზე, მათ შორის სპირტიანი სასმელების კონტრაფაქციის რისკებსა და ზიანზე. კონფერენციაში, საქპატენტთან ერთად, სომხეთის, მოლდოვის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, უნგრეთის, ესტონეთის, სერბეთის, რუმინეთის და აზერბაიჯანის საპატენტო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ასევე, მონაწილეთა შორის არიან ქართველი და უცხოელი პატენტრწმუნებულები, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) , აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების (USPTO), აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO), ევროპოლის ინტელექტუალური საკუთრების სფეროს დანაშაულთან ბრძოლის კოორდინირებული კოალიციის (IPC3), მუსიკის გამომცემელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICMP), ალიანსი კონტრაფაქციული სპირტიანი სასმელების წინააღმდეგ (AACS) და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის – „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ დასრულების შემდეგ საქპატენტი უმასპინძლებს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა) ექსპერტთა დონის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების სფეროში გამოწვევების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის რეგიონული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

27 ივლისს ჩატარდება ტრანსკასპიის ინტელექტუალური საკუთრების მეორე ყოველწლიური ფორუმი, სადაც დელეგატები სამხრეთ კავკასიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან განიხილავენ რეგიონულ გამოწვევებსა და პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით. 29-30 ივლისს კი დასკვნითი ღონისძიება მიეძღვნება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო პრაქტიკის განხილვას.

დასკვნით ღონისძიებას, საქართველოს საერთო სასამართლოების 25 მოსამართლესთან ერთად, ორი მოსამართლე – აშშ-დან, ერთი კი ევროკავშირიდან დაესწრება“, – აღნიშნულია საქპატენტის ინფორმაციაში.